დეპაი 4-3-3 სქემას ამჯობინებს - საქართველოსთან მატჩი ორ ნიდერლანდელს სამუდამოდ დაამახსოვრდება #1TVSPORT
დეპაი 4-3-3 სქემას ამჯობინებს - საქართველოსთან მატჩი ორ ნიდერლანდელს სამუდამოდ დაამახსოვრდება #1TVSPORT

ვაუტ ბერგჰორსტი 2021 წლის 6 ივნისს სამუდამოდ დაიმახსოვრებს. თავდამსხმელმა ნიდერლანდების ნაკრების მაისურით თავისი პირველი გოლი საქართველოს გაუტანა (3:0). „ვოლფსბურგის“ თავდამსხმელის თქმით, დილით კარგი წინათგრძნობა ჰქონდა, რადგან სახლიდან 200 მეტრში თამაშობდა. 

„ეს დამთხვევა არ არის. ეს ის სტადიონია, სადაც პატარა ბიჭი მოვდიოდი, დღეს კი ტრიბუნებზე ჩემი შვილები ისხდნენ. ზოგჯერ დილიდანვე გრძნობ, რომ ეს განსაკუთრებული დღე იქნება. ასეთი განცდა მქონდა – უბრალოდ ვიცოდი, რომ გოლის გატანას შევძლებდი. ჩვენ ევროპის ჩემპიონატზე კარგ გუნებაზე მივდივართ. ამიტომ მომზადების კარგად დასრულება მნიშვნელოვანი იყო. დეპაისთან კარგად შევთამაშდი. სხვათა შორის, შაბათის ვარჯიშზეც მსგავსი გოლი მისი გადაცემით გავიტანე“, – ამბობს ბერგჰორსტი.

ნაკრებში პირველად, საქართველოს ნაკრებთან შეხვედრისას გაიტანა „აიაქსის“ 19 წლის ნახევარმცველმა რაიან გრავენბერხმაც: „რა თქმა უნდა, კარგია, რომ გავიტანე. ამ შანსის ხელიდან გაშვება არ შეიძლებოდა. მე ყოველთვის მსურს თამაშიდან სიამოვნება მივიღო, ამიტომ „ნარინჯისფერში“ ჩემი პირველი გოლით კმაყოფილი ვარ“.

საქართველოს წინააღმდეგ (3:0) გატანილ სამივე გოლში მემფის დეპაი მონაწილეობდა. მან ანგარიში გახსნა და შემდეგ ორი გოლის გატანისას მონაწილეობდა. „ლიონის“ თავდამსხმელი მატჩის შემდეგ მაინც უკმაყოფილო იყო და განაცხადა, რომ „ნარინჯისფერებისთვის“ (რომლებიც ევროპის ჩემპიონატს ორი თავდამსხმელით დაიწყებენ უკრაინასთან 13 ივნისის მატჩში) 5-3-2-ზე უკეთესი, 4-3-3 სათამაშო სქემაა: „მე ყოველთვის ვამბობდი, რომ მირჩევნია ცენტრალურ თავდამსხმელად ვითამაშო, როდესაც გვერდით ორი შემტევი მეხმარება. ამის მიუხედავად, მე ვცდილობ შევეგუო არჩეულ სისტემას, რომელიც გუნდისთვის საუკეთესოა. ჩემთვის კი პირველ ადგილზე გუნდური ინტერესია“.