დეონტეი უაილდერმა მწვრთნელი დაითხოვა
დეონტეი უაილდერმა მწვრთნელი დაითხოვა

სუპერმძიმე წონაში მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა დეონტეი უაილდერმა თავისი მწვრთნელის მარკ ბრელანდის გათავისუფლება გადაწყვიტა.

2020 წლის 23 თებერვალს, უაილდერმმა ლას ვეგასში რევანში გამართა WBC-ის ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონთან ტაისონ ფიურისთან. მეშვიდე რაუნდში, ფიურის შეტევების შემდეგ, ბრელანდმა პირსახოცი ისროლა რინგზე, რის შემდეგაც, რეფერიმ ბრძოლა გააჩერა და ფიურის ტექნიკური ნოკაუტით გამარჯვება მიანიჭა.

ამ ამბის გავრცელების შემდეგ, ლეგენდარულმა ფლოიდ მეივეზერმა განაცხადა, რომ მზად არის ავარჯიშოს დეონტეი უაილდერი ფიურისთან მესამე ბრძოლისთვის.

„ტაისონ ფიური – სოლიდური მოკრივეა, მას აქვს კარგი თვისებები. დეონტეი უაილდერს კი ბომბები გააჩნია. ამიტომაც უწოდებენ მას „ბრინჯაოს ბომბდამშენს“. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია მისი ტექნიკის გაუმჯობესება.

მე ყოველთვის მზად ვარ დავეხმარო მოკრივეებს, მათ შორის, უაილდერს. ერთადერთი, რაც მან უნდა გააკეთოს – შემატყობინოს, რისი გაკეთება უნდა და ჩვენ შევძლებთ ყველაფრის მოგვარებას“, – თქვა მეივეზერმა.

ფიურისა და უაილდერის მესამე ბრძოლა 18 ივლისს იყო დაგეგმილი, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო 19 დეკემბრისთვის გადაიტანეს, თუმცა, რამდენიმე დღის წინ, პრომოუტერმა ბობ არუმმა განაცხადა, რომ თარიღი შეიძლება კიდევ გადაიწიოს, რადგან 19 დეკემბერს ამერიკული ფეხბურთის მატჩებია დანიშნული.

34 წლის უაილდერს პროფესიულ რინგზე 42 მოგება (41 – ნოკაუტით) და თითო ფრე და წაგება აქვს.