დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის სახელმწიფო სტრატეგიის სამთავრობო კომისიის ფარგლებში, რეგიონებში შეხვედრები გაიმართება
დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის სახელმწიფო სტრატეგიის სამთავრობო კომისიის ფარგლებში, რეგიონებში შეხვედრები გაიმართება

დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის სახელმწიფო სტრატეგიის სამთავრობო კომისიის ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და იძულებით გადაადგილებულ პირებთან შეხვედრები გაიმართება. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„2021 წლის 4-7 აგვისტოს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, „დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის სახელმწიფო სტრატეგიის“ შემუშავებისა და განხორციელების სამთავრობო კომისიის  თავმჯდომარე ლაშა დარსალია ქუთაისს, ხონს, ზუგდიდს, გორსა და წეროვანს ეწვევა. რეგიონებში ვიზიტის ფარგლებში ლაშა დარსალია შეხვედრებს გამართავს კონფლიქტის თემაზე მომუშავე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ექსპერტებთან ისევე, როგორც რეგიონებში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებთან, ასევე მოინახულებს საოკუპაციო ხაზს როგორც აფხაზეთის, ისე ცხინვალის რეგიონის მიმართულებით.

საქართველოს რეგიონებში საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის ვიზიტი და შეხვედრები „დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის სახელმწიფო სტრატეგიის“ შემუშავებისა და განხორციელების სამთავრობო კომისიის მუშაობის ფარგლებში ხორციელდება. გასვლითი შეხვედრების მიზანია ინკლუზიური, საერთო ეროვნული პროცესის უზრუნველყოფა დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიმართულებით ერთიანი სახელმწიფო ხედვის შესამუშავებლად და ამ პროცესში საქართველოს სხვადასხვა რეგიონების წარმომადგენლებთან და იძულებით გადაადგილებულ პირებთან ფართო საზოგადოებრივი დიალოგის წარმართვა“, – აცხადებენ საგარეო უწყებაში.

უწყების ცნობით, შეხვედრებზე მინისტრის პირველი მოადგილე ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსა და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას გააცნობს სამთავრობო კომისიის შექმნის მიზნებს, ამოცანებსა და სამომავლო გეგმებს და ისაუბრებს სამუშაო პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციებისა და იძულებით გადაადგილებულ პირების ჩართულობის მნიშვნელობაზე.

„საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები მოისმენენ ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოებისა და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობის მოსაზრებებსა და იდეებს სამშვიდობო პოლიტიკის უფრო ქმედითად და შედეგზე ორიენტირებულად განხორციელების კუთხით. შეხვედრებში ასევე მონაწილეობენ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ხელმძღვანელები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, რუსლან აბაშიძე.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობით მოქმედი სამთავრობო კომისია საქართველოს მთავრობის დადგენილებით 2021 წლის 23 ივნისს შეიქმნა და მიზნად ისახავს ქვეყნის უმთავრესი პრიორიტეტის – დეოკუპაციისა და კონფლიქტის მოგვარების მიმართულებით ერთიანი სახელმწიფოებრივი მიდგომისა და კომპლექსური კონცეპტუალური დოკუმენტის შექმნას. ინკლუზიური სამუშაო პროცესი ითვალისწინებს სახელმწიფო უწყებებთან ერთად ფართო საზოგადოების — კვლევითი ცენტრებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების, ექსპერტებისა და აკადემიური წრეების, იძულებით გადაადგილებული პირებისა და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ჩართულობას. ინტენსიური მუშაობა წარიმართება ასევე საერთაშორისო პარტნიორებთან, სტრატეგიის შემუშავებისა და მისი ეფექტიანად განხორციელების მიზნით მათი პროაქტიული ჩართულობისა და ქმედითი მხარდაჭერის უზრუნველყოფისთვის“, – აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.