„დენვერი“ კონფერენციის ფინალში 2008-09 წლების სეზონის შემდეგ პირველად იასპარეზებს (ვიდეო)

დენვერმა“ ბოლოს ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის დასავლეთ კონფერენციის ფინალურ სერიაში 2008-09 წლების სეზონში იასპარეზა, სადაც კობი ბრაიანტის „ლოს ანჯელეს ლეიკერსთან” 2-4 დამარცხდა. საინტერესოა, რომ 11 წლის შემდეგ „ნაგეტსი“ სუპერფინალში გასასვლელად კვლავ „ლეიკერსთან” იბრძოლებს.

ორლანდოში გამართული კონფერენციის ნახევარფინალური სერიის გადამწყვეტი, მეშვიდე შეხვედრა ბევრისთვის მოულოდნელად დენვერელთა დამაჯერებელი გამარჯვებით 104-89 დასრულდა.

ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა ჯამალ მიურეიმ. მის ანგარიშზე 40 ქულაა. ნიკოლა იოკიჩმა 16 ქულით, 22 მოხსნითა და 13 პასით სამმაგი დუბლი გაიფორმა. 14-14 ქულა დააგროვეს გრანტმა და ჰარისმა.

დოკ რივერსის გუნდში არც ერთ ლიდერს თამაში არ წაუვიდა. ლეონარდის ანგარიშზე 14 ქულაა. პოლ ჯორჯმა კი 10 ქულა მიითვალა. 20 ქულით დაასრულა მატჩი მონტრეზლ ჰარელმა.