დენო როუზი მიიჩნევს, რომ მონტენეგროს ნაკრები არასაკმარისი სიმკაცრით დაისაჯა
დენო როუზი მიიჩნევს, რომ მონტენეგროს ნაკრები არასაკმარისი სიმკაცრით დაისაჯა

ინგლისის ნაკრების ფეხბურთელი დენი როუზი აცხადებს, რომ უეფას მიერ მონტენეგროს ნაკრებისთვის გამოტანილი სასჯელი საკმარისად მკაცრი არ არის.

შეგახსენებთ, რომ ინგლისისა და მონტენეგროს ნაკრებებს შორის უეფას ერთა ლიგის მატჩი პოდგორიცაში სტუმართა გამარჯვებით, 1-5 დასრულდა, მაგრამ ყველაზე მეტი მითქმა-მოთქმა თამაშის შემდეგ მონტენეგორელი გულშემატკივრის რასისტულმა შეძახილებმა გამოიწვია.

შეურაცხმყოფელი სიტყვების ადრესატი, უმეტესწილად, სწორედ დენი როუზი იყო და მასთან ერთად რაჰიმ სტერლინგიც.

უეფამ ამ საკითხზე იმსჯელა და გუშინ, 26 აპრილს, განაჩენი გამოიტანა: მონტენეგროს ნაკრები ერთ საშინაო მატჩს მაყურებლის გარეშე გამართავს და ჯარიმის სახით 20 000 ევროს გადაიხდის.

„არა მგონია, ეს საკმარისად მკაცრი სასჯელი იყოს“, – უთხრა დენი როუზმა სკაი სპორტსს. – „კაცმა რომ თქვას, არც მიკვირს. სამწუხაროა, მაგრამ ამჟამად ასეთ ეტაპზე ვართ და უნდა შევეგუოთ. შოკისმომგვრელია ნამდვილად, მაგრამ ახლა ვერაფერს ვიზამ. მხოლოდ იმედს ვიტოვებ, რომ იქ (მონტენეგროში) თამაში აღარასოდეს მომიწევს“.

რეაქცია ინგლისის ფეხბურთის ასოციაციასაც ჰქონდა, თუმცა ნაკლებად კრიტიკული.

„იმედს ვიტოვებთ, რომ ერთი მატჩის ცარიელი ტრიბუნების წინ გამართვა ნათელი გზავნილი იქნება, რომ რასიზმს არაფერი ესაქმება ფეხბურთში, ისევე როგორც უფრო ფართო საზოგადოებაში“, – ნათქვამია ასოციაციის განცხადებაში.

ანტიდისკრიმინაციულმა საქველმოქმედო კამპანია კიკ-ით-აუტმა (Kick It Out) კი დენი როუზის მოსაზრება გაიზიარა:

„მას შემდეგ, რაც ინგლისის შავკანიანი ფეხბურთელები ასეთი შოკისმომგვრელი შეურაცხყოფის მსხვერპლნი გახდნენ, ჩვენ უმკაცრეს სასჯელს მოვითხოვდით. უეფას გადაწყვეტილება ჩვენს მოთხოვნასთან ახლოსაც კი არ არის“.

დატოვე კომენტარი