დენის შმიგალი – უკრაინამ მიიღო ორი დოკუმენტი, რომლებშიც დეტალურადაა აღწერილი რუსეთის გეგმები მიმდინარე ზამთარში ენერგოსისტემაზე თავდასხმის შესახებ

04:16, 25.09.2026

უკრაინამ მიიღო ორი დოკუმენტი, რომლებშიც დეტალურადაა აღწერილი რუსეთის გეგმები მიმდინარე ზამთარში ენერგოსისტემაზე თავდასხმის შესახებ, – ამის შესახებ უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა.

მისი თქმით, დოკუმენტებში დეტალურად არის აღწერილი, რომელი ობიექტების, რა რაოდენობითა და რა ტიპის იარაღით დაბომბვას გეგმავს რუსეთი.

„გასულ კვირას ჩვენმა სპეცსამსახურებმა რუსული მხარისგან მიღებული მასალები გადმოგვცეს. ეს არის რუსი ტერორისტების ამ ზამთრის სამოქმედო სტრატეგია“, – განაცხადა შმიგალმა.

უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის განცხადებით, რუსეთი კომპლექსური დარტყმებისთვის ემზადება, მათ შორის, გათბობისა და წყალმომარაგების სისტემებზე, ინფრასტრუქტურასა და ელექტროენერგიის გამომუშავების ობიექტებზე.

„იქ ორი ვრცელი დოკუმენტია, ყველაფერი ძალიან მკაფიოდ და დეტალურად არის გაწერილი. ცხრილებში მითითებულია თითოეული ობიექტის გასანადგურებლად საჭირო იარაღის რაოდენობა და სახეობები. ჩვენ გვესმის, როგორ იმოქმედებენ ისინი“, – აღნიშნა უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა.

შმიგალის თქმით, რუსეთის გეგმებში ცალკე არის გათვალისწინებული მსხვილ ქალაქებთან დაკავშირებული გეგმებიც, მათ შორის კიევზე, ხარკოვზე და ოდესაზე, ასევე ქალაქებზე, რომელთა მოსახლეობაც ნახევარ მილიონს აღემატება.

მინისტრის განცხადებით, უკრაინა ზამთრისთვის და რუსეთის შესაძლო თავდასხმებისთვის ემზადება. მისივე თქმით, უკვე აშენებულია 200-ზე მეტი კაპიტალური, ბეტონის დამცავი ნაგებობა იმ ობიექტებზე, რომლებიც რუსეთმა პრიორიტეტულ სამიზნეებად განსაზღვრა.

შმიგალის განცხადებით, უკრაინა პარტნიორებთან ერთად ასევე მუშაობს საჭირო აღჭურვილობის შესყიდვასა და მარაგების შექმნაზე, რათა შესაძლო თავდასხმების შემდეგ დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა ოპერატიულად შეძლოს.

შმიგალმა აღნიშნა, რომ ენერგეტიკის მთელი სისტემის ბეტონის კონსტრუქციებით დაცვა შეუძლებელია.

„რა თქმა უნდა, დღეს საჰაერო თავდაცვა 90-პროცენტიან დაცვას უზრუნველყოფს, მაგრამ ათასობით რაკეტისა და დრონის შემთხვევაში, დარჩენილი 10 პროცენტიც კი ძალიან მტკივნეულია“, – განაცხადა შმიგალმა.

მსგავსი