დენიელ კორმიეს აზრით, ხამზატ ჩიმაევი 2021 წლის ბოლოს, აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის ორი წონითი დივიზიონის ჩემპიონი გახდება
დენიელ კორმიეს აზრით, ხამზატ ჩიმაევი 2021 წლის ბოლოს, აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის ორი წონითი დივიზიონის ჩემპიონი გახდება

აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის ორი წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა დენიელ კორმიემ პრომოუშენის ახალბედა ვარსკვლავზე ხამზატ ჩიმაევზე ისაუბრა. შვედეთის სახელით მოასპარეზე ჩეჩენმა მებრძოლმა 66 დღეში 3 ბრძოლა გამართა და ყველა დაპირისპირება შთამბეჭდავი გამარჯვებით დაასრულა. ბოლო ბრძოლა მან რამდენიმე დღის წინ ლას ვეგასში ჩაატარა და გამოცდილი ჯერალდ მეერშარტი 17 წამში ერთი დარტყმით მიყენებული ნოკაუტით დაამარცხა. სადებიუტო დაპირისპირებაში ჩიმაევმა ჯონ ფილიპსს შანსი არ დაუტოვა. ამის შემდეგ 10 დღეში კი მან რის მაკკის უშანსოდ მოუგო.

შეგახსენებთ, რომ ჩიმაევი, რომელიც შერეულ ორთაბრძოლებში დაუმარცხებელია (9-0) გურამ ქუთათელაძის უახლოესი მეგობარი და თანაგუნდელია. მომდევნო ბრძოლა ხამზატს დიდი ალბათობით აბუ დაბის საბრძოლო კუნძულზე გამოცდილ ვეტერან დემიენ მაიასთან ექნება.

ამომავალ ვარსკვლავზე საკუთარი აზრი, ორი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა და UFC-ის კომენტატორმა დენიელ კორმიემ გამოთქვა. იგი მიიჩნევს, რომ 2021 წლის ბოლოს ჩიმაევი ორი წონითი დივიზიონის ჩემპიონის ქამარს დაეუფლება.

„ვფიქრობ, რომ მაქსიმუმ 2021 წლის ბოლოს ხამზატ ჩიმაევი ორი დივიზიონის ქამარს მოიპოვებს,“ – განაცხადა კორმიემ ESPN-თან საუბრისას.