დენიელ კორმიე - ჯონ ჯონსს მხოლოდ მძიმეწონოსანი მებრძოლი თუ დაამარცხებს (ვიდეო)

ყველამ კარგად იცის, თუ როგორ არ უყვართ ერთმანეთი აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (UFC) ორ გამორჩეულ წარმომადგენელს – ჯონ ჯონსისა და დენიელ კორმიეს დაპირისპირება წლებს ითვლის. მიუხედავად იმისა, რომ ორივე ბრძოლა „ბოუნსის” გამარჯვებით დასრულდა, მათი დაპირისპირება ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო „დუელადაც“ მიიჩნევა.

ორი წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა დენიელ კორმიემ „ბითი სპორტს” (BT Sports) ვრცელი ინტერვიუ მისცა, სადაც მის განვლილ კარიერაზე ისაუბრა. მიუხედავად ჯონსთან არსებული სიტუაციისა, „დი სიმ” აღნიშნა, რომ ჯონსი პლანეტაზე ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლია და მის დასამარცხებლად მძიმე წონოსანი მეტოქეა საჭირო.

„მე ნამდვილად არ ვიცი ვინ დაამარცხებს ჯონ ჯონსს. ყველამ კარგად იცით თუ რა დამოკიდებულება მაქვს მის (ჯონსის) მიმართ. თუმცა, მიუხედავად ამისა უნდა ვთქვა, რომ ის ძალიან ძლიერია. იმისათვის, რომ ჯონ ჯონსი დამარცხდეს, მან წონითი დივიზიონი უნდა შეიცვალოს და მძიმე წონით დივიზიონში გადავიდეს. რომელიმე დიდი ბიჭი მას ნოკაუტში აუცილებლად გაუშვებს. თუმცა არ ვარ დარწმუნებული, რომ რომელიმე მათგანი 25 წუთიან დაპირისპირებაში შეძლებს მის ძლევას.” – აღნიშნა კორმიემ.