დენი ბლინდი - „დინამო თბილისის“ 100 წლის იუბილეზე „აიაქსის“ მიწვევა დიდი პატივია #1TVSPORT
თბილისში „დინამო თბილისთან“ დაგეგმილ ლეგენდების თამაშებზე კომენტარი „აიაქსის“ ლეგენდების გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, დენი ბლინდმა გააკეთა.
„დიდი პატივია, რომ „დინამო თბილისმა“ 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილ მატჩზე ამსტერდამის „აიაქსი“ მიწვია. მოუთმენლად ველით ულამაზეს ქალაქ თბილისში სტუმრობას და „დინამო არენაზე“ თამაშს“, – განაცხადა დენი ბლინდმა თბილისური კლუბის პრესსამსახურთან.
თბილისში საფეხბურთო ლეგენდების მონაწილეობით კიდევ ერთი მატჩი ისევ Sports Orient-ის ორგანიზებით გაიმართება. ამჯერად შეხვედრა საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბის, „დინამო თბილისის“ 100 წლის იუბილეს მიეძღვნება.
ოთო მუმლაძე, Sports Orient-ის დამფუძნებელი: „მსგავსი მატჩების ორგანიზებაში უკვე საკმაოდ დიდი გამოცდილება დავაგროვეთ. თუმცა ეს შეხვედრა მაინც განსაკუთრებულ სტატუსს ატარებს. ამსტერდამის „აიაქსი“ მსოფლიო ფეხბურთის გრანდია და როდესაც ასეთი კლუბი საიუბილეო ღონისძიებაში მონაწილეობს, ეს ძალიან დიდი პატივია. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, თუ რამხელა კვალი დატოვა „დინამო თბილისმა“ 100 წლის განმავლობაში როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე. ჩვენი კომპანიის სახელით მინდა, მადლობა გადავუხადო როგორც „დინამო თბილისს“ ნდობისთვის, ასევე ამსტერდამის „აიაქსს“ და ყველა იმ კომპანიასა თუ ადამიანს, ვინც ამ მატჩის ორგანიზებაში იქნება ჩართული. მჯერა, რომ, ჩვენ მიერ ორგანიზებული სხვა შეხვედრების მსგავსად, გულშემატკივარს ახლაც დაუვიწყარ ემოციებს ვაჩუქებთ“.
რომან ფიფია, „დინამო თბილისის“ პრეზიდენტი: „ჩვენი კლუბის ისტორია უკვე ერთ საუკუნეს ითვლის და ამ პერიოდის განმავლობაში „დინამომ“ თავის გულშემატკივარს უამრავი დაუვიწყარი მომენტი აჩუქა. მოხარული ვარ, რომ ამ მნიშვნელოვან თარიღს ევროპის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ კლუბთან ერთად აღვნიშნავთ. როდესაც იუბილეზე ასეთი რანგის გუნდი ჩამოდის სტუმრად, ეს ძალიან დიდი დაფასებაა. მინდა, ამისთვის მადლობა გადავუხადო როგორც ორგანიზატორებს, ასევე თავად ამსტერდამის „აიაქსს“. დარწმუნებული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი გამორჩეული საფეხბურთო საღამო ელის“.
ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთი გამორჩეული კლუბის, „აიაქსის“ ლეგენდების გუნდი „დინამოს“ ლეგენდებს 19 ოქტომბერს, 19:00 საათზე „დინამო არენაზე“ დაუპირისპირდება. შეხვედრაზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა ორშაბათს, 15 სექტემბრს TKT.ge-ზე დაიწყება. ბილეთები შემდეგ საფასო კატეგორიებში იქნება ხელმისაწვდომი – 10, 15, 20, 25 და 30 ლარი.