დემოკრატი სენატორები დონალდ ტრამპს მცირე და საშუალო რადიუსის რაკეტების ლიკვიდაციის შეთანხმებიდან გასვლის საკითხზე ღია წერილით მიმართავენ
დემოკრატი სენატორები დონალდ ტრამპს მცირე და საშუალო რადიუსის რაკეტების ლიკვიდაციის შეთანხმებიდან გასვლის საკითხზე ღია წერილით მიმართავენ

დემოკრატი სენატორების ჯგუფი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ღია წერილით მიმართავს და მოუწოდებს, გაითვალისწინოს მცირე და საშუალო რადიუსზე მოქმედი რაკეტების ლიკვიდაციის შეთანხმებიდან აშშ-ის გასვლის ნეგატიური შედეგები. წერილს სენატის საგარეო ურთიერთობათა, შეიარაღებული ძალებისა და დაზვერვის კომიტეტების წევრები აწერენ ხელს.

„ვაცნობიერებთ რა იმას, თუ რამდენად რთულია, აიძულო რუსეთი, მცირე და საშუალო რადიუსზე მოქმედი რაკეტების ლიკვიდაციის შეთანხმების შესრულება, მიგვაჩნია, რომ ადმინისტრაციის მოულოდნელი გადაწყვეტილება შეთანხმებიდან ცალმხრივად გასვლის შესახებ რუსეთისთვის პოლიტიკურ და გეოსტრატეგიულ საჩუქარს წარმოადგენს“, – ნათქვამია სენატორების მიმართვაში.

ამერიკელი სენატორები მიიჩნევენ, რომ შეთანხმებიდან გასვლა აჩვენებს არამხოლოდ იმას, რომ აშშ-ი მზად არის, ცალმხრივად თქვას უარი თავის ვალდებულებებზე სტრატეგიული ალტერნატივის შეთავაზების გარეშე, არამედ ასევე რუსეთს თავისი სარაკეტო სისტემების წარმოებისა და განთავსების გაფართოების საშუალებას აძლევს, რაც ევროპას საფრთხეს უქმნის.

„დაჟინებით მოგიწოდებთ თქვენ და თქვენს ადმინისტრაციას, ითანამშრომლოთ კონგრესთან სტრატეგიული სტაბილურობისა და ევროპელ და აზიელ მოკავშირეებთან ჩვენი ურთიერთობებისთვის ამ ნაბიჯის შედეგების შეფასებაში“, – აღნიშნავენ სენატორები.

მცირე და საშუალო რადიუსზე მოქმედი რაკეტების ლიკვიდაციის შეთანხმებიდან გასვლის გეგმის შესახებ დონალდ ტრამპმა მიმდინარე წლის ოქტომბერში განაცხადა. აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზად რუსეთის მიერ შეთანხმების შეუსრულებლობა დაასახელა.

1987 წლის დეკემბერში გაფორმებული შეთანხმება კრძალავს მცირე (500-დან 1000 კმ-მდე) და საშუალო (1000-დან 5 500 კმ-მდე) სიშორის სახმელეთო ბაზირების რაკეტების წარმოებას გამოყენებასა და შენახვას.