„დემოკრატებმა“ ტრამპის იმპიჩმენტის საკითხზე მომზადებული ანგარიში გაასაჯაროეს
„დემოკრატებმა“ ტრამპის იმპიჩმენტის საკითხზე მომზადებული ანგარიში გაასაჯაროეს

„დემოკრატებმა“ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საკითხზე მომზადებული ანგარიში გაასაჯაროეს. დოკუმენტი წარმომადგენელთა პალატის სადაზვერვო კომიტეტმა გამოაქვეყნა. 300-გვერდიან ანგარიშში ნათქვამია, რომ ტრამპი ძალაუფლებას ბოროტად იყენებდა და 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პროცესზე ზეგავლენას ცდილობდა.

ამას გარდა, ტრამპის ოპონენტები ამტკიცებენ, რომ ის აშშ-ის პირველი პრეზიდენტია ისტორიაში, რომელიც იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში დაწყებული გამოძიებისთვის ხელის შეშლას შეეცადა.

ანგარიშის ავტორთა დასკვნით, „ტრამპი საკუთარ პოლიტიკური ინტერესებს აშშ-ის ეროვნულ ინტერესებზე მაღლა აყენებს“.

ამასთან „სიენენი“ იუწყება, რომ კომიტეტის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტში ტრამპის იმპიჩმენტის რეკომენდაცია არ არის ჩაწერილი და ხაზგასმულია, რომ გადაწყვეტილება კონგრესმა უნდა მიიღოს.

„დემოკრატების“ ანგარიშის გასაჯაროებამდე, საკუთარი გამოძიების შედეგები გამოაქვეყნეს „რესპუბლიკელებმა“, სადაც აღნიშნულია, რომ დონალდ ტრამპისა და უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმირ ზელენსკის სატალეფონო საუბრის გამო წარდგენილ ბრალს უარყოფენ.

ამერიკის პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა „დემოკრატებმა“ სექტემბერში წამოიწყეს. ამის მიზეზი გახდა დონალდ ტრამპისა და უკრაინის პრეზიდენტის სატელეფონო საუბარი, სადაც აშშ-ის პრეზიდენტმა უკრაინელ კოლეგას თავისი მომავალი მეტოქის, ჯო ბაიდენის წინააღმდეგ გამოძიების დაწყება სთხოვა.

ტრამპის იმპიჩმენტის საკითხზე მოსმენები კონგრესში დღეიდან დაიწყება. თეთრი სახლი ამ პროცესში მონაწილეობაზე უარს ამბობს.

თავად ტრამპმა იმპიჩმენტის პროცედურას „კუდიანებზე ნადირობა“ უწოდა და „დემოკრატები“ „არაპატრიოტულ“ ქმედებაში დაადანაშაულა.