„დემოკრატების“ ლიდერი სენატში - 43-მა „რესპუბლიკელმა“ დღეს სახელმწიფოზე წინ ტრამპი დააყენა
„დემოკრატების“ ლიდერი სენატში - 43-მა „რესპუბლიკელმა“ დღეს სახელმწიფოზე წინ ტრამპი დააყენა

43-მა „რესპუბლიკელმა“ დღეს სახელმწიფოზე წინ ტრამპი დააყენა, – ეს განცხადება „დემოკრატების“ ლიდერმა, ჩაკ შუმერმა სენატში კენჭისყრის შემდეგ გააკეთა, რომელზეც სენატორების ორმა მესამედმა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის იმპიჩმენტს მხარი არ დაუჭირა და ის უდანაშაულოდ გამოაცხადა.

„აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა შთააგონა და მიმართულება მისცა ბრბოს, რათა მათ ძალადობრივად შეეშალათ ხელი ძალაუფლების გადაცემისთვის, ძირი გამოეთხარათ ხალხის ნებისთვის და უკანონოდ დაეტოვებინათ პრეზიდენტი თანამდებობაზე“, – განაცხადა შუმერმა.

ჩაკ შუმერის თქმით, „ამაზე მეტად არაამერიკული არაფერია“.

შუმერმა თავის სიტყვაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი 6 იანვარს კაპიტოლიუმზე შეტევის წაქეზებაში. შუმერის თქმით, ტრამპმა განზრახ შეუწყო ხელი „ტყუილის გავრცელებას, რომ აშშ-ის არჩევნები გაყალბდა და მას გამარჯვება მოპარეს“.

„კენჭისყრა, რომელზეც დონალდ ტრამპის დამნაშავედ გამოცხადება ვერ მოხერხდა, აშშ-ის ისტორიაში ჩაიწერება სამარცხვინო კენჭისყრად. დღევანდელ კენჭისყრაზე ჩვენ უნდა აგვერჩია სახელმწიფო, ნაცვლად დონალდ ტრამპისა, მაგრამ 43-მა „რესპუბლიკელმა“ დღეს ტრამპი უფრო წინ დააყენა“, – განაცხადა ჩაკ შუმერმა.

დღეს სენატში გამართულ კენჭისყრაზე სენატორებმა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი უდანაშაულოდ გამოაცხადეს. დონალდ ტრამპს 6 იანვარს მისი მომხრეების მიერ კაპიტოლიუმის შტურმის გამო ამბოხის წაქეზებაში ადანაშაულებდნენ.