დემეტრაძემ ლობანოვსკი გაიხსენა - ძალიან რთული ვარჯიშები ჰქონდა
დემეტრაძემ ლობანოვსკი გაიხსენა - ძალიან რთული ვარჯიშები ჰქონდა

უკრაინულმა ინტერნეტ-ტელევიზიამ, „footballua.tv“-მ ინტერვიუ ჩამოართვა, სადაც კიევის „დინამოში“ გატარებულ პერიოდსა და ცნობილ უკრაინელ სპეციალისტ ვალერი ლობანოვსკიზე ილაპარაკა.

„ვლადიკავკაზის „ალანიადან“ გუნდში ლობანოვსკიმ ამიყვანა და ჩემს ტრანსფერში სამი მილიონი დოლარი გადაიხადა. კიევის „დინამოში“ უკეთ შემეძლო მეთამაშა. თუმცა, გუნდში გამოსვლით მაინც კმაყოფილი ვარ, რადგან საკმაოდ ბევრი გოლი გავიტანე, მათ შორის ჩემპიონთა ლიგაზეც. მერე „რეალ სოსიედადში“ მიმიწვიეს“ – ამბობს გიორგი დემეტრაძე.

საქართველოს ნაკრების ფორვარდმა უკრაინულ კლუბში გატანილი საუკეთესო გოლები გაიხსენა: „ყველაზე მეტად ჩემპიონთა ლიგაზე გატანილი ორი გოლი დამამახსოვრდა – პირველი „ანდერლეხტთან“, რადგან ჩემი დაბადების დღე იყო და მეორე – მიუნხენის „ბაიერნთან“. გერმანელებს 2:0 მოვუგეთ და გოლები მე და კახა კალაძემ გავიტანეთ“.

გიორგიმ კიეველთა ლეგენდარულ მწვრთნელ ვალერი ლობანოვსკისთან მუშაობაზეც ილპარაკა: „ის არასოდეს ყვიროდა. როდესაც ჩავედი, მითხრა, გიორგი, თავიდან ძნელი იქნება, მაგრამ უნდა მოითმინოო. დიდი დატვირთვები რომ დაიწყო, ვარჯიშების შემდეგ წონას ვკარგავდი და ცუდად ვხდებოდი. ისეთი რთული ვარჯიშები იყო, რომლის მსგავსიც ცხოვრებაში არ მინახავს. ამ დატვირთვების შემდეგ თამაში ყველა გუნდში გამიადვილდა“.

ქართველი თავდამსხმელი კიევის „დინამოში“ 2000 წელს ჩაირიცხა და გუნდის ფორმით ჩატარებულ 26 შეხვედრაში 15 გოლი გაიტანა. თუმცა, მეორე წელს ესპანეთში მიიწვიეს და „რეალ სოსიედადში“ გადავიდა.