დემჩენკოს ყაზახეთში სადებიუტო მატჩი ლობჯანიძემ მოაგებინა - გადრანი მოედანს ათთვიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა [ვიდეო] #1TVSPORT
ყაზახეთის პრემიერლიგაში „ჟენისმა“ გასვლაზე „ელიმაი“ 2:1 დაამარცხა, რაშიც მთავარი როლი ელგუჯა ლობჯანძემ ითამაშა.
საინტერესოა, რომ გორის „დილას“ და ბათუმის „დინამოს“ ყოფილმა მწვრთნელმა, ანდრეი დემჩენკომ „ჟენისი“ მოედანზე მთავარი მწვრთნელის რანგში პირველად გაიყვანა. მან ძირითად შემადგენლობაში დააყენა ზურაბ თევზაძე, გუჯა ლობჯანიძე კი მოედანზე 65-ე წუთზე შეუშვა.
ამ დროისთვის „ჟენისი“ 0:1-ს აგებდა, მაგრამ ახალ გუნდში უზბეკური „ყიზილყუმიდან“ ივლისში გადასულმა ლობჯანიძემ თამაში კარდინალურად შეცვალა. 32 წლის ქართველმა თავდამსხმელმა 89-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა, 90+4-ე წუთზე კი მისი პასით ადილიომ „ჟენისს“ მოაგებინა.
ლუკა გადრანის და გიორგი ზარიას ალმატის „კაირატმა“ შინ „კაისარი“ ვერ დაამარცხა – 1:1. ზარიამ მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში 70 წუთი ითამაშა. ალმატელებმა ერთადერთი გოლი მისი პასით გაიტანეს, ხოლო გადრანი მოედანს 2024 წლის 21 სექტემბრის შემდეგ (10-თვიანი პაუზის მერე) დაუბრუნდა და მეორე ტაიმი სრულად ჩაატარა.