დემჩენკო სამი მატჩით დასაჯეს - „დილას“ მწვრთნელი მხოლოდ მაისში დუბრუნდება #1TVSPORT
დემჩენკო სამი მატჩით დასაჯეს - „დილას“ მწვრთნელი მხოლოდ მაისში დუბრუნდება #1TVSPORT

ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა ანდრეი დემჩენკო დასაჯა – დისციპლინარების გადაწყვეტილების მიხედვით, გორის „დილას“ მთავარ მწვრთნელს რამდენიმე მატჩის გამოტოვებასთან ერთად, ფულადი ჯარიმის გადახდაც დაეკისრა.

ინციდენტი ეროვნული ლიგის ბოლო ტურში მოხდა – 18 აპრილს, მე-8 ტურში „დილამ“ გორის „თენგიზ ბურჯანაძე – არენაზე“ „თელავს“ უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. მეორე ტაიმის დასაწყისში მთავარმა არბიტრმა გიორგი ლომთაძის გოლი არ ჩათვალა, რამაც უკრაინელი მწვრთნელის უკმაყოფილება გამოიწვია – შემდეგ იყო სიტყვიერი შელაპარაკება, რაც ასეთი ფორმულირებით შეფასდა – „ოფიციალური პირების სიტყვიერი შეურაცხყოფა“. ამის გამო მსაჯმა დემჩენკოს წითელი ბარათი აჩვენა, ახლა კი უფრო სერიოზული სასჯელი დაუწესეს.

გორის „დილას“ მთავარი მწვრთნელი სამი მატჩის განმავლობაში ვერ უხელმძღვანელებს. ამას გარდა, ფეხბურთის ფედერაციამ დემჩენკოს 1200-ლარიანი ჯარიმაც დააკისრა. მანამდე კი გუნდს დემჩენკოს ასისტენტი ირაკლი მოდებაძე უხელმძღვანელებს.

ამრიგად, უკრაინელი სპეციალისტი გუნდს ვერ უხელმძღვანელებს სამ შეხვედრაში – სტუმრად წყალტუბოს „სამგურალთან“ და „გაგრასთან“ და შინ ქუთაისის „ტორპედოსთან“. დემჩენკო გუნდს მხოლოდ მე-12 ტურში, 8 მაისს, ანუ ფაქტობრივად, თვენახევარში, ბათუმის „დინამოსთან“ „აჭარაბეთ არენაზე“ დაგეგმილ მატჩში დაუბრუნდება.