დემბელეს მობილურის გათიშვას აუკრძალავენ
დემბელეს მობილურის გათიშვას აუკრძალავენ

„ბარსელონას“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ უსმან დემბელე, მთლიანობაში, ძალიან სასარგებლო ფეხბურთელია და ბოლო პერიოდში საკმაოდ კარგ თამაშსაც აჩვენებს, ამიტომ გუნდი ყველაფერს გააკეთებს, რათა მოედნის მიღმა ფეხბურთელის ქცევის ხარისხი გაუმჯობესდეს და 150 მილიონი ევრო წყალში არ გადაიყაროს.

ახალგაზრდა ფრანგი ფეხბურთელი, როგორც ცნობილია, არხეინობით გამოირჩევა, ღამით ვიდეოთამაშებით გართობა უყვარს და დილით ხშირად აგვიანებს ვარჯიშებზე. კატალონიური გრანდის წარმომადგენლები ამბობენ, რომ საკმაოდ ხშირია შემთხვევა, როცა დემბელე მოკლე ტექსტურ შეტყობინებას უგზავნის რომელიმე თანაგუნდელს და ეკითხება, ვარჯიში რომელ საათზეა.

პირველი, რასაც „ბარსელონას“ ხელმძღვანელები ფეხბურთელს მოსთხოვენ, არის ის, რომ მობილური ტელეფონი დღისა და ღამის განმავლობაში ჩართული ჰქონდეს, რათა დილით მასთან დაკავშირება შესაძლებელი იყოს. ამას გარდა, დემბელეს 200 000 ევროს ოდენობის ჯარიმითაც შეიძლება დაემუქრონ, თუმცა ჯერ-ჯერობით ვარაუდობენ, რომ დიპლომატია საუკეთესო ხერხია.