დელიში ჰაერის ხარისხის გაუარესების გამო, მოსწავლეებს ხუთი მილიონი ნიღაბი დაურიგეს
დელიში ჰაერის ხარისხის გაუარესების გამო, მოსწავლეებს ხუთი მილიონი ნიღაბი დაურიგეს

ინდოეთის დედაქალაქში სკოლის მოსწავლეებს ხუთი მილიონი ნიღაბი დაურიგეს. „ბიბისის“ ცნობით, მიზეზი ნიუ-დელიში ჰაერის ხარისხის გაუარესებაა. ამის გამო ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობაც გამოაცხადა.

ვითარების გამოსწორების მიზნით, დროებით დედაქალაქში მიმდინარე ყველა მშენებლობა შეჩერდა. ამასთან, აიკრძალა ფოიერვერკის გაშვება. დედაქალაქის მერმა ნიუ-დელიში არსებული ვითარება „გაზის კამერებსაც“ კი შეადარა, სადაც სუნთქვა პრაქტიკულად, შეუძლებელია.

როგორც „ბიბისი“ იუწყება, შემოდგომის სეზონზე დედაქალაქში ჰაერის ხარისხის გაუარესებას მიმდებარე რეგიონებში მიწის ნაკვეთების გაწმენდის მიზნით გადაწვა იწვევს. ამ ხერხს ფერმერები საკმაოდ ხშირად მიმართავენ. ამას კი დივალის დღესასწაულზე გამოყენებული ფოიერვერკი, მშენებლობების მტვერი და ქარხნების გამონაბოლქვიც ემატება. თუმცა, როგორც დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი იუწყება, ჰაერის დაბინძურებას ყველაზე დიდი დოზით სწორედ მიწის ნაკვეთების გადაწვა იწვევს.