დელე ალის დანით დაემუქრნენ და მისი სახლიდან ორი მილიონი ფუნტის ღირებულების ნივთები წაიღეს
დელე ალის დანით დაემუქრნენ და მისი სახლიდან ორი მილიონი ფუნტის ღირებულების ნივთები წაიღეს

ოთხშაბათს, გვიან საღამოს, ბრიტანულმა პრესამ დაწერა, რომ „ტოტენჰემისა“ და ინგლისის ნაკრების ნახევარმცველი დელე ალი შეიარაღებული ძარცვის მსხვერპლი გახდა. „სქაი სპორტს“-ის (Sky Sports) ინფორმაციით, ოთხშაბათს ღამით, ნახევარმცველის სახლში ორი მძარცველი შეიჭრა. ისინი დანებით ემუქრებოდნენ ალის და მის მეგობრებს. დამნაშავეებმა წაიღეს ძვირფასეულობა და საათები. „ორმა მამაკაცმა სახის არეში უმნიშვნელო დაზიანება მიიღო. მათი ჰოსპიტალიზაცია საჭირო არ გახდა,“ – წერია პოლიციის განცხადებაში.

ძარცვის მომენტში, სახლში ხუთი ადამიანი იმყოფებოდა: ალი, მისი შეყვარებული, ძმა თავისი შეყვარებულით და ოჯახის მეგობარი. გაზეთ „სანს“ მოჰყავს ინციდენტის დეტალები: ხუთივენი ერთ ოთახში იმყოფებოდნენ, მათგან ორი ბილიარდს თამაშობდა, როცა სახლში ნიღბიანი მძარცველები შეიჭრნენ. ერთ-ერთმა სახეში გაარტყა ალის და მეორე მამაკაცს, მეორემ კი კიბეებზე აირბინა და ფეხბურთელის რამდენიმე ოთახი გაჩხრიკა. წერენ, რომ თავდამსხმელებმა ორი მილიონი ფუნტის ოდენობის ძვირფასეულობა და საათები წაიღეს. ალიმ მაშინვე პოლიცია გამოიძახა. ცხელ კვალზე დამნაშავეების დაკავება არ მოხერხდა.

24 წლის ფეხბურთელის სახლი ვიდეოდაკვირვების სისტემით არის აღჭურვილი. მასალები უკვე გადაცემულია პოლიციაში, რომელმაც დაიწყო გამოძიება შეიარაღებული ძარცვის საქმეზე.

ეს არის წელს პირველი შემთხვევა. 10 მარტს გაქურდეს „ტოტენჰემის“ კიდევ ერთი ფეხბურთელის იან ვერტონგენის სახლი. ბელგიელი მაშინ „ლაიპციგში“ იმყოფებოდა, სადაც მისი გუნდი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის განმეორებით მატჩს თამაშობდა. ძარცვის მომენტში, ვერტონგენის სახლში მისი ცოლი და ორი შვილი იმყოფებოდა. ნიღბებიანი დამნაშავეები მაჩეტეებითა და დანებით იყვნენ შეიარაღებულნი. მათ ქალს ძვირფასეულობა და ფული მოთხოვეს. დამნაშავეები დღემდე არ უპოვნიათ.