დელ პიერო - „ნაპოლი“ წასულების გარეშე უფრო ძლიერია, კვარაცხელია არაპროგნოზირებადი ტალანტია #1TVSPORT
დელ პიერო - „ნაპოლი“ წასულების გარეშე უფრო ძლიერია, კვარაცხელია არაპროგნოზირებადი ტალანტია #1TVSPORT

ალესანდრო დელ პიერომ ჩემპიონთა ლიგაზე იტალიური კლუბების მოახლოებულ თამაშზე ისაუბრა. ოთხშაბათს ლუჩანო სპალეტის გუნდი „სტადიო მარადონაზე“ „ლივერპულს“ დაუპირისპირდება , „იუვენტუსი“ კი „პსჟ“-ს ესტუმრება.

„იუვენტუსის“ და იტალიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა Gazzetta dello Sport-თან ინტერვიუში ყურადღება ხვიჩა კვარაცხელიაზე გაამახვილა.

„ჩემპიონატის მატჩებში ყოველთვის შეიძლება გუნდის დონე განსაზღვრო. სერია „ა“-ში კი სეზონი უკვე ერთი თვეა მიმდინარეობს. ყველას გვახსოვს, რომ წარმატების მიღწევა შესაძლებელია იმაზე ნაკლებად ძლიერი შემადგენლობითაც კი, ვიდრე დიდ ევროპულ გუნდებს ჰყავთ. ამის მაგალითად გასულ სეზონში „ვილიარეალის“ გამოსვლა გამოდგება“, – ამბობს დელ პიერო.

იტალიური ფეხბურთის ლეგენდამ ასევე ისაუბრა „ნაპოლის“ მრავალფეროვან დანაკარგზე, მაგრამ საერთო შეხედულებას არ დაეთანხმა და დარწმუნებულია, რომ „ლურჯები“ არ დასუსტებულან. მისი თქმით, გუნდი, რომელმაც დაკარგა კულიბალი, ინსინიე, მერტენსი და ოსპინა, ახლა უკეთ გამოიყურება.

„ნაპოლი“ დასუსტდა? არა, ასე ნამდვილად არ ვფიქრობ. პირიქით, მიმაჩნია, რომ ახლა „ნაპოლი“ უფრო ძლიერია. აღფრთოვანებული ვარ სპალეტის მუშაობით, რომელიც გუნდის განახლებას კონსტრუქციული დამოკიდებულებით შეხვდა და ახლა „ნაპოლი“ მშვენიერი გუნდური მენტალიტეტით გამოირჩევა. ასევე ვიტყვი, რომ უფრთხილდით კვარაცხელიას, არაპროგნოზირებად და ნიჭიერ ტალანტს – ის თითქოს ევროპაში სათამაშოდ დაიბადა“, – განაცხადა დელ პიერომ იტალიურ გამოცემასთან.

მან „ნაპოლის“ სპორტულ დირექტორს, კრიშტიანო ჯუნტოლის, შეზღუდული ფინანსური რესურსების პირობებში ტრანსფერები მოუწონა:

„მე ძალიან ვაფასებ ჯუნტოლის შრომას, რომელსაც ადვილი სამუშაო არ ჰქონია, რადგან მოუხდა გუნდის აღდგენა, რათა დაეკმაყოფილებინა მწვრთნელის მოთხოვნები და ასევე შეემცირებინა ხელფასების ბიუჯეტი, რადგან ეს ფინანსური ფეარ-პლეის (ფინანსური სამართლიანი თამაში) პრინციპების გამო გუნდის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა მოითხოვა“.