დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე „გირჩის“ აქციაზე - ეს არის უგემოვნო მცდელობა რელიგიური გრძნობების შელახვისა და ეკლესიის შეურაცხყოფისა
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე „გირჩის“ აქციაზე - ეს არის უგემოვნო მცდელობა რელიგიური გრძნობების შელახვისა და ეკლესიის შეურაცხყოფისა

საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ „გირჩის“ წარმომადგენლების დღევანდელი აქცია იყო უგემოვნო მცდელობა რელიგიური გრძნობების შელახვისა და ეკლესიის შეურაცხყოფისა.

„ვნახე ეს კადრები. მინდა გითხრათ, რომ არის ძალიან უგემოვნო, უშინაარსო პერფორმანსი, მცდელობა რელიგიური გრძნობების შელახვისა და ეკლესიის შეურაცხყოფისა. თუმცა, ამ უგემოვნობასთან ერთად, მახსენდება მათი სხვა უგემოვნებო და უაზრო პერფორმანსი, რომელიც მათ საოკუპაციო ზოლთან გამართეს. ვფიქრობ, რომ უკეთესს არც უნდა ველოდეთ მათგან არაფერს. როგორც ჩანს, ამ ჩარჩოში არის მათი აზროვნება“, – აღნიშნა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

პარტია „გირჩის“ ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან აქცია გამართა. ახალგაზრდები ადგილზე „ხატებით“ მივიდნენ, რომლებზეც ბიძინა ივანიშვილი იყო გამოსახული. მათ ადგილზე სანთლები დაანთეს და იგალობეს. აქტივისტების თქმით, ინსპირაცია „ბერი ნარიმანის მრევლი იყო“ და ამ ფორმით მათ ცოცხალი ადამიანის გაფეტიშება გააპროტესტეს. მათივე განმარტებით, ბიძინა ივანიშვილს მხარდამჭერები ღმერთად აღიქვამენ და ეს მათთვის მიუღებელია.