დეილი ბლინდმა გულის პრობლემების შემდეგ პირველად ითამაშა
დეილი ბლინდმა გულის პრობლემების შემდეგ პირველად ითამაშა

ამსტერდამის „აიაქსის“ მცველმა დეილი ბლინდმა პირველად ითამაშა პაუზის შემდეგ, რომელიც გულთან დაკავშირებული პრობლემებით იყო გამოწვეული. ფეხბურთელი მინდორზე 77-ე წუთზე გამოჩნდა ჰოლანდიის თასის მეოთხედფინალურ მატჩში, რომელშიც „აიაქსმა“ „ვიტესი“ ანგარიშით 3:0 დაამარცხა.

ბლინდი კარიერას სპეციალური მოწყობილობით გააგრძელებს, რომლითაც გააკონტროლებენ და დაარეგულირებენ მის გულისცემას.

შეგახსენებთ, რომ დეკემბრის დასაწყისში 29 წლის ფეხბურთელს დაუდგინეს გულის კუნთის ანთება. არსებობდა კარიერის დასრულების რისკი.

„ბედნიერი ვარ დაბრუნებით. ოდნავ შეშინებული ვიყავი, რადგან ბოლომდე არ მესმოდა, როგორ იქნებოდა ყველაფერი. ექიმებს უწევდათ ჩემი მონდომების დაოკება, რადგან ძალიან მინდოდა მოედანზე დაბრუნება”, – განაცხადა ბლინდმა Fox Sports-სთან კომენტარში.