დებიუტიც ასეთი უნდა - ლოჩოშვილი „კრემონეზეს“ ფეხბურთელებში საუკეთესოა #1TVSPORT
დებიუტიც ასეთი უნდა - ლოჩოშვილი „კრემონეზეს“ ფეხბურთელებში საუკეთესოა #1TVSPORT

ლუკა ლოჩოშვილი, რომელმაც სერია A-ში სადებიუტო თამაში ჟოზე მოურინიოს „რომას“ წინააღმდეგ ჩაატარა, „კრემონეზეს“ მოედნის ფეხბურთელებს შორის საუკეთესო იყო – ასეთია საერთაშორისო საფეხბურთო ანალიტიკისა და სტატისტიკის ინტერნეტ-პორტალების შეფასება.

სტადიო ოლიმპიკოზე“ გამართულ მე-2 ტურის შეხვედრაში „კრემონეზეს“ მწვრთნელმა მასიმილიანო ალვინიმ ავსტრიული „ვოლფსბერგერიდან“ გადასული 24 წლის ქართველი მცველი სადებიუტო მატჩში „რომასთან“ პირდაპირ ძირითად შემადგენლობაში დააყენა. ლუკა ლოჩოშვილმა 3-კაციან უკანა ხაზში მარცხენა ცენტრალური მცველის პოზიციაზე ითამაშა.

24 წლის მცველმა „რომასთან“ (1:0) გასვლით შეხვედრაში 85 წუთი ითამაშა და „კრემონეზეში“ საუკეთესო შეფასებები დაუწერა ავტორიტეტულმა ინტერნეტ-პორტალმა sofascore-მა და ასევე whoscored-მა.

პირველმა 10-ბალიან სისტემაში ქართველის თამაში 7,6 ქულით შეაფასა. უკეთესი ქულა მხოლოდ „კრემონეზეს“ რუმინელმა მეკარე იონუც რადუმ (9,0) მიიღო, ხოლო მოთამაშეებიდან ლოჩოშვილთან ყველაზე ახლოს აღმოჩნდა გუნდის კაპიტანი, ასევე რუმინელი ვლადი კირიკეჩი (7.3).

whoscored-მა ასევე 10-ბალიან სისტემაში ლოჩოშვილს დებიუტისთვის 7,5 ქულა დაუწერა, ყველაზე მეტად ინტერნეტ-პორტალმა ასევე რადუ (8.7) გამოარჩია, ხოლო მოთამაშეებიდან ქართველის შემდეგ ცენტრალური ნახევარმცველები, არგენტინელი სანტიაგო ასკასიბარი (7,1) და შვეიცარიელი შარლ პიკელი (7,1) გამოარჩია.

ლუკა ლოჩოშვილი მეოთხე ქართველი მოთამაშეა კახა კალაძის, ლევან მჭედლიძისა და ხვიჩა კვარაცხელიას შემდეგ, რომელმაც იტალიის ჩემპიონატში ითამაშა.