დებიუტი ახალ კლუბში - გიორგი გოჩოლეიშვილმა „შახტარში” ითამაშა # 1TVSPORT
დებიუტი ახალ კლუბში - გიორგი გოჩოლეიშვილმა „შახტარში” ითამაშა # 1TVSPORT

დონეცკის „შახტარის” შემადგენლობაში გიორგი გოჩოლეიშვილმა სადებიუტო მატჩი ჩაატარა. „საბურთალოდან“ გადასულმა ქართველმა მცველმა უკრაინის ჩემპიონატში „მინაის“ წინააღმდეგ 29 წუთი ითამაშა.

ეს უკრაინის პრემიერლიგის მე-9 ტურის გადადებული მატჩი იყო. „შახტარი“ „მინაის“ ლვოვში დაუპირისპირდა და 4:1 დაამარცხა. დონეცკელთა მთავარმა მწვრთნელმა, იგორ იოვიჩევიჩმა გოჩოლეიშვილი სასტარტო შემადგენლობაში არ დააყენა, მოედანზე კი 61-ე წუთზე შეუშვა.

გიორგის მოედანზე შესვლისას „შახტარი“ უკვე 3:1-ს იგებდა. გოჩოლეიშვილმა სადებიუტო შეხვედრაში თავი აქტიური თამაშით გამოიჩინა, „შახტარი“ უკრაინის პრემიერლიგის მომდევნო მატჩში ხარკოვის „მეტალისტ 1925“-ს დაუპირისპირდება. თამაში კვირას, 5 მარტს კვლავ ლვოვის არენაზე გაიმართება.

გიორგი გოჩოლეიშვილი „შახტარში“ თბილისის „საბურთალოდან“ იანვარში გადავიდა. სამწუხაროდ, „რენთან“ ევროპის ლიგის პლეიოფში არ უთამაშია, რადგან გუნდმა განაცხადში არ შეიყვანა – დონეცკელებმა ბოლო მომენტში „ადანა დემირსფორიდან“ უკრანის ნაკრების ყოფილი მცველი იაროსლავ რაკიტსკი დაიმატეს და სატურნირო განაცხადში შესაყვანი ფეხბურთელების ლიმიტი ამოწურეს.