დე როსიმ „რომას“ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა #1TVSPORT
დე როსიმ „რომას“ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა #1TVSPORT

„რომას“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ჟოზე მოურინიო დანიელე დე როსიმ შეცვალა. ახალი მწვრთნელის რანგში იტალიელი სპეციალისტის პირველი კომენტარი „რომას“ პრესსამსახურმა გაავრცელა.

„მინდა, კლუბის ხელმძღვანელობას გამოცხადებული ნდობისთვის დიდი მადლობა გადავუხადო. ჩემი მხრიდან კი პირობას ვდებ, რომ თავს არ დავზოგავ და ყველაფერს გავიღებ შედეგის მისაღწევად.

ძნელია აღწერა იმ ემოციისა და მოლოდინის, რომელიც მე მაქვს. ყველამ იცის, თუ რას ნიშნავს ჩემთვის ეს კლუბი. ახლა ყველა ჩემი ფიქრი უკვე იმ სამუშაოსკენ არის მიმამართული, რომელიც ერთად უნდა გავწიოთ. არც დრო გვაქვს და არც არჩევანი, გარდა იმისა, რომ ვიყოთ კონკურენტუნარიანები, დავისახოთ მიზანი და შევეცადოთ ამ მიზნის სისრულეში მოყვანას“.

დე როსი „რომას“ ღირსებას 17 წლის განმავლობაში (2002-2019) იცავდა. ამ პერიოდში მან „რომას“ შემადგენლობაში 616 მატჩი გამართა, გაიტანა 63 გოლი და 60 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

დანიელე დე როსის სამწვრთნელო კარიერის დასაწყისი იტალიის ნაკრებს უკავშირდება, სადაც ის რობერტო მანჩინის შტაბში მუშაობდა. 2022 წლიდან კი სერია B-ს კლუბს, „სპალს“ ჩაუდგა სათავეში.

იტალიის ჩემპიონატში ჩატარებული 20 ტურის შემდეგ „რომას“ 29 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეცხრე პოზიციაზეა.