დონალდ ტუსკი ევროკავშირის სამიტის დაწყებამდე ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდება
დონალდ ტუსკი ევროკავშირის სამიტის დაწყებამდე ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდება

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, ტერეზა მეის შეხვდება.  ტუსკისა და მეის შეხვედრა ევროკავშირის სამიტის დაწყებამდე გაიმართება.

„სამიტის დაწყებამდე ბრიტანეთის პრემიერ- მინისტრს შევხვდები“,- წერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი მიკრობლოგ twitter-ზე .

ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების ლიდერების შეხვედრა ადგილობრივი დროით 15:00 საათზე უნდა დაიწყოს . განხილვის მთავარი თემა ბრექსიტია.

შეგახსენებთ, 12 დეკემბერს კონსერვატიული პარტიის დეპუტატებმა ტერეზა მეის პარტიის თავმჯდომარის პოსტზე უნდობლობის გამოცხადებას უყარეს კენჭი. კენჭისყრის შედეგად ტერეზა მეის ნდობა 200-მა კონსერვატორმა დეპუტატმა გამოუცხადა, უნდობლობის გამოცხადებას კი, 117-მა დაუჭირა მხარი.

თანაპარტიელი დეპუტატების მიერ უნდობლობის გამოცხადების შემთხვევაში, ტერეზა მეი პარტიის ლიდერის პოსტთან ერთად, პრემიერ-მინისტრის თანამდებობასაც დაკარგავდა.