დავოსში რუსეთის დელეგაციის წევრი - ჩვენი ეროვნული ინტერესები არა სხვა ტერიტორიების დაპყრობა, არამედ ეფექტიანი ეკონომიკისა და პარტნიორობის შენებაა
დავოსში რუსეთის დელეგაციის წევრი - ჩვენი ეროვნული ინტერესები არა სხვა ტერიტორიების დაპყრობა, არამედ ეფექტიანი ეკონომიკისა და პარტნიორობის შენებაა

რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელი კირილ დმიტრიევი აცხადებს, რომ რუსეთის ეროვნული ინტერესები არა სხვა ქვეყნების ტერიტორიების დაპყრობა, არამედ ეფექტინი ეკონომიკისა და პარტნიორული ურთიერთობების შენებაა.

ამის შესახებ დიმიტრიევმა განაცხადა დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე გამართულ დისკუსიაზე, რომლის  სახელწოდება „რუსეთის კონკურენტუნარიანობის შენარჩუნება“ იყო.

სიტყვით გამოსვლისას რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელმა, კირილ დმიტრევმა ინვესტორებს რუსეთში პროექტებით დაინტერესებისკენ მოუწოდა. მან აღნიშნა, რომ რუსეთს სხვა ქვეყნებთან, მათ შორის აშშ-სთან, პარტნიორობა და მშვიდობა სურს. მისი აზრით, რუსეთსა და დასავლეთს შორის დაძაბული ურთიერთობების მიზეზი მდგომარეობს იმაში, რომ დასავლეთში რუსეთის ეროვნული ინტერესები არასწორად ესმით.

„ქვეყნის ეროვნული ინტერესი არა სხვა ქვეყნების ტერიტორიების დაპყრობაში, არამედ ეფექტიანი ეკონომიკისა და პარტნიორული ურთიერთობების შენებაშია“, – განაცხადა დმიტრიევმა.

ამავე სესიაზე რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრმა, მაქსიმ ორეშკინმა, რომელიც დავოსში რუსეთის დელეგაციას ხელმძღვანელობს, ამერიკელებს ურჩია, რუსეთის ნაცვლად, საკუთარი პრობლემებით დაკავდნენ.

სესიაზე სიტყვით გამოვიდა რუსეთის ბიზნესომბუდსმენი ბორის ტიტოვიც, რომელმაც განაცხადა, რომ რუსეთის მცირე ბიზნესსა და ეკონომიკას სანქციები არ აზარალებს და უფრო მეტად დამოკიდებულია რუსეთის პოლიტიკის პრობლემებზე.

„ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს პრობლემები ბიზნესკლიმატთან, ბიუროკრატიასთან, კორუფციასთან, ბიზნესმენების უკანონო დევნასთან“, – განმარტა ტიტოვმა. მისივე თქმით, ხელისუფლება ამ პრობლემების მოსაგვარებლად პირველ ნაბიჯებს დგამს.

შეგახსენებთ, დავოსის ეკონომიკური ფორუმის სამ მუდმივ წარმომადგენელს რუსეთიდან „ვი-თი-ბი“ ბანკის ხელმძღვანელს ანდრეი კოსტინს და ბიზნესმენებს ოლეგ დერიპასკასა და ვიქტორ ვეკსელბერს ფორუმის ორგანიზატორებმა აშშ-ის მხრიდან დაწესებული სანქციების გამო, მონაწილეობაზე უარი უთხრეს.