დავოსის ფორუმზე ექსპერტებმა ოთხდღიანი სამუშაო კვირის შემოღებაზე ისაუბრეს
დავოსის ფორუმზე ექსპერტებმა ოთხდღიანი სამუშაო კვირის შემოღებაზე ისაუბრეს

დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე მყოფი ექსპერტების განცხადებით, მსოფლიომ კვირაში მხოლოდ ოთხი სამუშაო დღის შემოღებაზე უნდა იზრუნოს. მათი თქმით, ნაკლები სამუშაო დღეები დასაქმებულისთვის და დამსაქმებლისთვის ერთნაირად სასარგებლო იქნება.

„ჩვენ რამდენიმე, ძალიან წარმატებული ექსპერიმენტი ჩავატარეთ, რომელმაც აჩვენა, რომ როდესაც დასაქმებულს სამუშაო საათები უმცირდება, ის საქმეზე გაცილებით მეტ კონცენტრაციას ახდენს. შედეგად, მისი მუშაობა უფრო მეტად ეფექტურია. ასეთ პირობებში ადამიანები საქმეს გაცილებით შემოქმედებითად უდგებიან“, – განაცხადა პენსილვანიის უნივერსიტეტის ფსიქოლოგმა ადამ გრანტმა დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლის დროს.

ადამ გრანტის შეხედულებას იზიარებს დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე ვიზიტად მყოფი ისტორიკოსი და მწერალი რათერ ბრეგმანი.

„ათწლეულების განმავლობაში სახელგანთქმული ეკონომისტები და ფილოსოფოსები მიიჩნევდნენ, რომ სამუშაო დღეები დაცილებით ნაკლები უნდა ყოფილიყო. 1920-1930-იან წლებში რეალურად არსებობდა ბევრი კაპიტალისტი მეწარმე, რომლებმაც აღმოაჩინეს, რომ სამუშაო დღეების შემცირების შედეგად დასაქმებულები გაცილებით პროდუქტიულები ხდებოდნენ. ეს იცოდა ჰენრი ფორდმაც, რომელიც საკუთარ თანამშრომლებს კვირაში 60 საათის ნაცვლად 40 საათს ამუშავებდა. ამით ის გაცილებით კარგ შედეგს მიიღებდა. მიზეზი კი ის არის, რომ დასაქმებულებს დასვენებისთვის საკმარისი დრო ჰქონდათ და საქმეს გაცილებით დიდი ენთუზიაზმით აკეთებდნენ“, – ასეთი განცხადება გააკეთა ჰოლანდიელმა ისტორიკოსმა და მწერალმა დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლის დროს.

დავოსში მყოფი ექსპერტების მოსაზრებებს აკადემიური კვლევები ამყარებს. ათობით ექსპერიმენტის საფუძველზე დადგენილია, რომ ნაკლები სამუშაო დღეების დროს ადამიანი სამსახურში გაცილებით პროდუქტიული და ბედნიერია.

კვირაში ოთხ სამუშაო დღეზე უკვე ოფიციალურად გადავიდა ახალ ზელანდიაში არსებული ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია.