დაგვიანებული ტესტის შედეგი ცნობილია - დავითაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა
დაგვიანებული ტესტის შედეგი ცნობილია - დავითაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა

სამწუხაროდ, ზუკა დავითაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას რუსული მედიაგამოცემები ავრცელებენ.

რუსეთის პრემიერლიგის მე-7 ტურის შეხვედრა, „როტორი“-„კრასნოდარი“, დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე ჩაიშალა. ვოლგოგრადის გუნდში რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, მატჩის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელი აღმოჩნდა და რეგლამენტის შესაბამისად, „როტორს“ ტექნიკური დამარცხება ჩაეთვალა – 0:3.

მაგრამ სანამ ეს ამბავი გაირკვეოდა, ორივე გუნდმა განაცხადი წარადგინა და მასპინძელთა სიაში საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი, ზურიკო დავითაშვილი არ იყო. ამის გამო კითხვები გაჩნდა – გუნდში ტესტი 16-ზე მეტმა ადამიანმა ჩააბარა, მაგრამ სამატჩო განაცხადში 4 მოთამაშე, მათ შორის დავითაშვილი რატომ არ იყო.

შეგახსენებთ, რომ პრემიერლიგის ოფიციალური გვერდის ცნობით, ვოლგოგრადის გუნდში 10 ინფიცირებული იყო, მათ შორის ბექა მიქელთაძე და ნიკა ყიფიანი. ზუკა დავითაშვილის შესახებ გვითხრეს, რომ ტესტირება დაგვიანებით ჩაუტარდა, რომლის პასუხიც უცნობი იყო იმ დროს, როდესაც გუნდის განაცხადს ავსებდნენ. ასეთ შემთხვევაში კი ფეხბურთელის განაცხადში შეყვანა დაუშვებელი გახლდათ.

სამწუხაროდ, „როტორისთვის” ყველა მოთამაშის ტესტირების საბოლოო შედეგი ცნობილი გახდა და დავითაშვილს დადებითი პასუხი აღმოაჩნდა.