დავითაშვილმა სეზონის მატჩი ჩაატარა - ქართველის გოლითა და საგოლე გადაცემით „ბორდო“ ლიგა 1-ს მიუახლოვდა [ვიდეო] #1TVSPORT
ზურიკო დავითაშვილმა „ბორდოში“ სეზონის საუკეთესო მატჩი ჩაატარა და თავის გუნდს „ლავალთან“ ლიგა 2-ის შეხვედრის მოგებაში დაეხმარა – 3:0.
36-ე ტურში ქართველი ფეხბურთელის გუნდმა „ლავალს“ საკუთარ მოედანზე უმასპინძლა. ზურიკო დავითაშვილი „ბორდოს“ ძირითად შემადგენლობაში იყო და 86 წუთი ითამაშა, მოედნიდან კი ოვაციებით გააცილეს.
„ბორდომ“ ანგარიში მესამე წუთზე გახსნა და ქართველმა შემტევმა ამაშიც თავისი წვლილი შეიტანა. დავითაშვილის წაქცევისთვის საჯარიმო დარტყმა დაინიშნა, რომელიც იოან ბარბემ უნაკლოდ შეასრულა. 33-ე წუთზე კი ზურიკომ მცველი ეფექტური მოძრაობით ჩამოიშორა და შორეულ კუთხეში ზუსტი დარტყმით „ბორდოს“ უპირატესობა გაზარდა.
მასპინძლებს ტაიმის ბოლოს გატანა კიდევ ერთხელ შეეძლოთ, მაგრამ უცნაური რამ მოხდა. ჯოშ მაჯამ მოახერხა და ორი პენალტი ვერ გამოიყენა. 45-ე წუთზე მისი დარტყმული ბურთი „ლავალის“ მეკარემ მოიგერია, ხოლო კომპენსირებულ დროში დანიშნული თერთმეტმეტრიანიდან ბურთი კარს ააცილა.
ბორდომ“ უპირატესობა“ მაინც გაზარდა. 50-ე წუთზე დავითაშვილმა ანგარიშზე საგოლე გადაცემა ჩაიწერა, მისი პასის შემდეგ ნორვეგიელმა ცენტრალურმა მცველმა, სტიან გრეგერსენმა ზუსტად დაარტყა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
„ბორდომ“ საფრანგეთის მთავარ ლიგაში გადასასვლელად მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა, 69 ქულა დააგროვა და ლიგა 2-ის სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა. დავითაშვილის გუნდმა ლიდერ „ლე ავრთან“ (71) სხვაობა შეამცირა, ხოლო გიორგი მიქაუტაძის „მეცს“ ოთხი ქულით გადაასწრო, თუმცა ორივე გუნდს ტურის შეხვედრა გასამართი აქვს.