დავითაშვილმა „რუბინთან“ კონტრაქტი გაწყვიტა - ქართველ ნახევარმცველს თავისუფალი აგენტის სტატუსი ხელ-ფეხს უხსნის #1TVSPORT
დავითაშვილმა „რუბინთან“ კონტრაქტი გაწყვიტა - ქართველ ნახევარმცველს თავისუფალი აგენტის სტატუსი ხელ-ფეხს უხსნის #1TVSPORT

ყაზანის „რუბინმა“ მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ნახევარმცველ ზურიკო დავითაშვილთან კონტრაქტი გაწყვიტა, – ინფორმაციას ყაზანური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. 

დავითაშვილმა კარიერა საქართველოს ჩემპიონატში „დინამო თბილისის“ შემადგენლობაში დაიწყო, სადებიუტო მატჩი კი 2017  წლის 29 სექტემბერს, ფოთის „კოლხეთთან-1913“ მატჩში ჰქონდა.

2018 წლის ზამთარში „დინამო“ დატოვა და ხანმოკლე კონტრაქტი თბილისის „ლოკომოტივთან“ გააფორმა. „რუბინს“ 2019 წლის თებერვალში შეუერთდა. მოსალოდნელი იყო, რომ ტრანსფერი ოფიციალური გახდებოდა მას შემდეგ, რაც ფეხბურთელი 18 წლის ასაკს მიაღწევდა, მაგრამ საბოლოოდ, ხელშეკრულება არ გაფორმებულა და მოთამაშე „ლოკომოტივში“ დაბრუნდა.

2019 წლის 29 ივნისს დავითაშვილმა „რუბინთან“ სამწლიანი კონტრაქტი მაინც გააფორმა. რუსეთის პრემიერ ლიგაში მისი დებიუტი 15 ივლისს, რუსეთის პრემიერლიგის პირველი ტურის მატჩში მოსკოვის „ლოკომოტივთან” (1:1) შედგა.

დავითაშვილი „რუბინს“ 2019 წელს შეუერთდა. 20 წლის ფეხბურთელმა გასული სეზონის უმეტესი ნაწილი იჯარით ვოლგოგრადის „როტორში“ გაატარა. წელს გუნდში დაბრუნდა, მაგრამ ცნობილი გახდა, რომ მას დარჩენა აღარ სურდა. საერთო ჯამში, დავითაშვილმა „რუბინში“ 28 მატჩი ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა.

ამგვარად, დავითაშვილი თავისუფალი აგენტი გახდა, რაც მას ხელ-ფეხს გაუხსნის, რადგან „რუბინთან“ კონტრაქტის გაწყვეტის შემდეგ, კლუბისთვის თანხა გადასახდელი აღარ არის და ახალი გუნდის მოძებნა გაცილებით გაუადვილდება.

დავითაშვილი 2016 წლიდან საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში თამაშობდა – იყო 17 და 19-წლამდელთა ნაკრებების კაპიტანი. 2019 წლის 5 სექტემბერს, სამხრეთ კორეის ნაკრებთან ამხანაგურ მატჩში, საქართველოს ეროვნულ გუნდში სადებიუტო მატჩი ჩაატარა, რომლის ფორმითაც უკვე შვიდჯერ ითამაშა.