დავითაშვილმა კაცნაკლულ „რუბინს“ ნანატრი გამარჯვება მოუტანა (ვიდეო)

რუსეთის ჩემპიონატის 22-ე ტურის მატჩში ტულის „არსენალმა“ ყაზანის „რუბინს“ უმასპინძლა და დამარცხდა, რაშიც მთავარი როლი ქართველმა ფეხბურთელმა ითამაშა.

„არსენალი“ მოედანზე კაპიტნის სამკლავურით გია გრიგალავამ გაიყვანა. „რუბინის“ ძირითად შემადგენლობაში კი მხოლოდ ზუკა დავითაშვილი იყო. განაცხადში არ ყოფილა ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც წინა ტურში მოედნიდან გააძევეს.

ტულაში გამართული მატჩში ანგარიში დავითაშვილმა
გახსნა. საქართველოს ნაკრების 19 წლის შემტევმა ნახევარმცველმა 43-ე წუთზე ტულის „არსენალს“ გოლი ეფექტური დარტყმით გაუტანა და 2020 წელს საგოლე ანგარიში გახსნა.

დავითაშვილმა 79-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. სტუმრებს 57-ე წუთზე მოთამაშე გაუგდეს და კაცნაკლულები დარჩნენ. სხვათაშორის, ყაზანელი მოთამაშე ტულელების ქართველი კაპიტნის, გრიგალავას მიმართ უხეშობისთვის გააძევეს. ამის მიუხედავად, საბოლოოდ, ქართველის გოლი ერთადერთი აღმოჩნდა და დავითაშილმა აუტსაიდერ „რუბინს“ რუსეთის პრემიერლიგაში უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოუტანა. ყაზანელებმა პრემიერლიგაში ბოლოს 9 ტურის წინ, 5 ოქტომბერს „ტამბოვთან” (2:1) მოიგეს და მაშინაც გოლი დავითაშვილმა გაიტანა.

რუსეთი ის იშვიათი ქვეყანაა, სადაც კორონავირუსის გამო საფეხბურთო ჩემპიონატი არ შეჩერებულა.