დავითაშვილის „ბორდოს“ უიღბლო სტარტი - ქართველის გუნდი „პოსთან“ დამარცხდა #1TVSPORT
დავითაშვილის „ბორდოს“ უიღბლო სტარტი - ქართველის გუნდი „პოსთან“ დამარცხდა #1TVSPORT

საფრანგეთის ლიგა 2-ში ახალი სეზონი დაიწყო. პირველი ტურის შეხვედრაში ზურიკო დავითაშვილის „ბორდო“ „პოს“ ესტუმრა და 0:3 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი „ბორდოს“ ძირითად შემადგენლობაში იყო და 78-ე წუთზე შეცვალეს. პირველ ტაიმში გუნდის უფერული თამაშის გამო, დავითაშვილიც არ ჩანდა, მან ერთხელ სცადა თამაშის გამწვავება და მეტოქის მცველმა, ჟან რუიზმა ქართველის შეჩერებისთვის ყვითელი ბარათი მიიღო.

სეზონის პირველი მატჩი „ბორდომ“ ძალიან ცუდად დაიწყო და გასულ სეზონში მე-13 ადგილზე გასულ „პოსთან“ თამაში აშკარად ჩააგდო. მე-17 წუთზე „პოს“ კაპიტანმა ანრი საივეტიმ შორიდან ძლიერი და ეფექტური დარტყმით ანგარიში გახსნა, სამ წუთში კი მეკარესთან პირისპირ მეირონ ჟორჟი დარჩა და მასპინძელთა უპირატესობა ორამდე გაზარდა.

65-ე წუთზე „ბორდოს“ ანგარიშის შემცირების რეალური შანსი ჰქონდა, მაგრამ პენალტი ვერ გაიტანა. 73-ე წუთზე კი მაროკოელმა ხალიდ ბუტაიბიმ „ბორდოს“ კარი მესამედ აიღო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 3:0.