დავითაშვილის „ბორდო“ დამარცხდა და მესამე ადგილზე დაქვეითდა #1TVSPORT
დავითაშვილის „ბორდო“ დამარცხდა და მესამე ადგილზე დაქვეითდა #1TVSPORT

საფრანგეთის ლიგა 2-ის 37-ე ტურში ზურიკო დავითაშვილის „ბორდო“ სტუმრად აუტსაიდერთა ჯგუფში მყოფ „ანსის“ დაუპირისპირდა, 1:0 დამარცხდა და საქმე ძალიან გაირთულა.

დავითაშვილი „ბორდოს“ ძირითად შემადგენლობაში იყო და 88 წუთი ითამაშა. სტუმრებმა მატჩი უიღბლოდ დაიწყეს – მე-9 წუთზე მასპინძლების სწრაფი კონტრშეტევა ვინსან პაჟომ დააგვირგვინა. „ანსის“ 30-ე წუთზე უპირატესობის გაზრდა შეეძლო, მაგრამ შანსით ვერ ისარგებლა.

„ბორდო“ მეორე ტაიმში თამაშს აკონტროლებდა, მაგრამ შეტევების გამწვავებას ვერ ახერხებდა. ამას დავითაშვილი ცდილობდა, მაგრამ გუნდს არაფერი გამოსდიოდა და და საბოლოოდ 1:0 წააგო, რაც შეიძლება ქართველის გუნდისთვის საბედისწერო მარცხი აღმოჩნდეს.

ლიდერმა „ჰავრმა“ ტურის მატჩი „ბასტიასთან“ გასვლაზე 1:1 დაასრულა და 72 ქულით ისევ ლიდერია, მაგრამ საფრანგეთის ლიგა 2-ში გამართული 37 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში საინტერესო ვითარებაა. სეზონის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე ფრანგულ ელიტაში დაწინაურების შანსი „ჰავრთან“ ერთად აქვთ გიორგი მიქაუტაძის „მეცს“ (69 – მეორე ადგილი) და „ბორდოს“ (69 ქულა, მესამე ადგილი).

გადამწყვეტი იქნება ბოლო, 38 ტური, რომელიც 2 ივნისს გაიმართება – დავითაშვილის „ბორდო“ შინ „როდეზს“ დაუპირისპირდება, ხოლო მიქაუტაძის „მეცი“ ასევე საკუთარ მოედანზე „ბასტიას“ უმასპინძლებს.