დავითაშვილის ასისტი საკმარისი არ აღმოჩნდა - „ბორდომ“ ტესტმატჩი ფრედ დაასრულა [ვიდეო] #1TVSPORT

საფრანგეთში მოთამაშე ქართველი ფეხბურთელების გუნდებმა შეკრებაზე საკონტროლო შეხვედრები გამართეს. უკვე ცნობილია, რომ „მეცში“ გიორგი მიქაუტაძეს არ უთამაშია, რადგან მისი სატრანსფერო ამბები წყდება.

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის გუნდს თავიდან შეხვედრა ბუნდესლიგელ „ფრაიბურგთან“ ჰქონდა დაგეგმილი, მაგრამ მატჩი გაუქმდა. საბოლოოდ, „მეცი“ „ამიენს“ დაუპირისპირდა და 0:0 ითამაშა.

ზურიკო დავითაშვილმა კი „ბორდოში“ თავი გამოიჩინა. ქართველი ფეხბურთელის გუნდი მოსამზადებელ ეტაპზე „ანჟეს“ შეხვდა, ქართველი შემტევი ჟირონდისტების ძირითად შემადგენლობაში იყო და 54-ე წუთზე სწორედ მის ფლანგურ შეტევას და გადაცემას მოჰყვა სლოვენიელი ზან ვიპოტნიკის გოლი.

თუმცა, ქართველის გუნდმა უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და „ანჟემ“ ბოლო წუთზე წონასწორობა აღადგინა: საბოლოო ანგარიში ეფექტური გოლით იმად აბდელმა დააფიქსირა – 1:1.