დავითაშვილიც ბათუმელებთან ვარჯიშობს - ქართველი ფეხბურთელი რუსეთში აღარ დაბრუნდა #1TVSPORT
დავითაშვილიც ბათუმელებთან ვარჯიშობს - ქართველი ფეხბურთელი რუსეთში აღარ დაბრუნდა #1TVSPORT

ზურიკო დავითაშვილი სანაკრებო შეხვედრების შემდეგ რუსულ კლუბ ტულას „არსენალში“ აღარ დაბრუნდა და ბათუმის „დინამოსთან“ ერთად ვარჯიშობს – საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველის ვარჯიშის ფოტოები ბათუმელთა პრესსამსახურმა გაავრცელა.

ამის მიუხედავად, ზურიკო დავითაშვილის ტრანსფერთან დაკავშირებით ბათუმის „დინამოს“ ჯერ ცნობა ოფიციალურად არ დაუდასტურებია. თუმცა საქართველოს პირველი არხის ცნობით, ტრანსფერი განხორციელდა და 21 წლის შემტევი კარიერას დროებით საქართველოს ჩემპიონატში გააგრძელებს.

აღსანიშნავია, რომ ზურიკო დავითაშვილი საქართველოს ნაკრების მე-15 მოთამაშეა, რომელიც ბათუმელთა მოთამაშე გახდა. დავითაშვილისა და ხვიჩა კვარაცხელიას გარდა, საქართველოს ჩემპიონი გუნდიდან ეროვნული ნაკრებში უთამაშიათ ჯანო ანანიძეს, ლაზარე კუპატაძეს, გოგა ჩაბრაძეს, ლევან გეგეჩკორს, ლადო მამუჩაშვილს, მამუკა კობახიძეს, ირაკლი აზაროვს, გიორგი ნავალოვსკის, გუგა ფალავანდიშვილს, სანდრო ალთუნაშვილს, გიორგი ზარიას, გუჯა ლობჯანიძეს, ჯაბა ჯიღაურს, პლუს ნაკრების შეკრებაზე გამოიძახეს, მაგრამ არ უთამაშიათ მეკარე მიხეილ ალავიძეს და თავდამსხმელს, გიორგი ფანცულაიას.

საქართველოს ნაკრების ამდენ მოქმედ ფეხბურთელს ბოლო წლებში არც ერთ ქართულ გუნდში არ უთამაშია. მთავარია, დარჩებიან თუ არა დავითაშვილი და კვარაცხელია ბათუმის „დინამოში“ ზაფხულში, როდესაც გუნდი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩაერთვება.