დავითაშვილი უეფა-ს შემდეგ გულშემატკივრებმაც აღიარეს - ქართველის გოლი ევრო 2023-ზე მეორე ადგილზე გავიდა [ვიდეო] #1TVSPORT

21-წლამდელთა ევრო 2023-ზე ზურიკო დავითაშვილის გატანილი გოლი გულშემატკივრების გამოკითხვაში მეორე ადგილზე გავიდა. უეფამ გამოკითხვა თავის ვებგვერდზე და სოციალურ ქსელებში ჩაატარა.

22 წლის ქართველმა შემტევმა ტურნირზე ერთადერთი გოლი ნიდერლანდებთან მესამე ტურის შეხვედრაში გაიტანა, როდესაც ხუთ მეტოქეს დრიბლინგით ჩაუქროლა და ულამაზესი გოლის ავტორი გახდა. დავითაშვილის გოლი ტურნირის მშვენება გახდა, მაგრამ მხოლოდ მეორე ადგილს დასჯერდა.

საუკეთესოდ ჟოაო ნევესის გოლი აღიარეს, რომელმაც თავი ასევე თბილისში, „მიხეილ მესხზე“ გამოიჩინა – პორტუგალიის ნაკრების შემტევმა ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მატჩში ბელგიასთან ანგარიში ეფექტურად გახსნა და უეფა-ს ახალგაზრდულ ევრო 2023-ზე გულშემატკივრების რჩეული გოლის ავტორი გახდა.

მანამდე უეფა-ს ტექნიკურმა დამკვირვებლებმა ტურნირის ათი საუკეთესო გოლი დაასახელეს, სადაც პირველ ადგილზე ფრანგი არნო კალიმუენდო გავიდა, მაგრამ გულშემატკივრების ვერსიაში სამეულშიც ვერ მოხვდა, ისვე როგორც მეორე ადგილზე გასული ესპანელი სერხიო გომესი (ესპანეთი-უკრაინა). დავითაშვილი მაშინ მესამეზე გავიდა. გულშემატკივრებს საუკეთესოს არჩევა ამ ათეულიდან შეეძლოთ.

მესამე ადგილზე გავიდა უკრაინელი გიორგი სუდაკოვი, რომელმაც თავი მეოთხედფინალში საფრანგეთთან გატანილი გოლით გამოიჩინა.

ფანების ვერსიით, ევრო 2023-ზე გატანილი საუკეთესო გოლები

1 ჟოაო ნევესი (პორტუგალია 2:1 ბელგია) – მესამე ტური, 27 ივნისი

2 ზურიკო დავითაშვილი (ნიდერლანდები 1:1 საქართველო) – მესამე ტური, 27 ივნისი

3 გიორგი სუდაკოვი (საფრანგეთი – უკრაინა 1:3) – 1/4-ფინალი, 2 ივლისი