დავითაშვილი „რუბინში“ ბრუნდება - მთავარია, ლეგიონერებზე ლიმიტი არ შეეხოს #1TVSPORT
დავითაშვილი „რუბინში“ ბრუნდება - მთავარია, ლეგიონერებზე ლიმიტი არ შეეხოს #1TVSPORT

ზურიკო დავითაშვილი ზაფხულში ყაზანის „რუბინში“ დაბრუნდება, – ამის შესახებ გამოცემა „სპორტ-ეკსპრესი“ წერს. 

საზაფხულო ტრანსფერებზე გამოქვეყნებულ წერილში გამოცემამ გუნდში 20 წლის ქართველი ნახევარმცველის დაბრუნება დაანონსა. თუმცა, იქვე მიუთითა, რომ მისი საკითხიც ხვიჩა კვარაცხელიას გაყიდვის თუ დარჩენის მიხედვით გადაწყდება. არის კიდევ ერთი „თუმცა“ – ლეგიონერებზე ლიმიტი. კლუბს განაცხადში რვა ლეგიონერზე მეტის შეყვანა არ შეუძლია.

„იმის გათვალისწინებით, რომ „რუბინი“ ითამაშებს კონფერენციათა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე, რუსეთის პრემიერლიგასა და რუსეთის თასზე, რა თქმა უნდა, გუნდს მაღალი ხარისხის ტრანსფერები დასჭირდება. ლეგიონერების განაცხადი ასევე დამოკიდებული იქნება ხვიჩა კვარაცხელიას გაყიდვაზე (ან შენარჩუნებაზე) – „როტორში“ იჯარის შემდეგ ზაფხულში გუნდს დავითაშვილი დაუბრუნდება, ხოლო იაპონელი საიტო ტრავმის შემდეგ გამოჯანმრთელდა, რომელიც კლუბმა გაზაფხულზე ტრავმის გამო განაცხადში არ შეიყვანა. „რუბინს“ ახლა ათი ლეგიონერი ჰყავს, სეზონის დაწყებამდე კი გუნდმა ორი მათგანი უნდა გაუშვას“, – წერია „სპორტ-ეკსპრესში“.

ზურიკო დავითაშვილი ყაზანის „რუბინში“ 2019 წელს გადავიდა, მაგრამ 2020 წლის ზაფხულში ვოლგოგრადის „როტორში“ იჯარით გაუშვეს, სადაც მთელი სეზონი ჩაატარა და გუნდის ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშე გახდა.