დავითაშვილი „ხიმკისთან“ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს (ვიდეო)

ყაზანის „რუბინიდან“ ვოლგოგრადის „როტორში“ გადასული ზუკა დავითაშვილი ჩინებულად ათამაშდა და ბოლო ტურში „ხიმკისთან“ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

საქართველოს ნაკრებისა და „როტორის“ 19 წლის ნახევარმცველს გუნდის მთავარი მწვრთნელი ალექსანდრ ხაცკევიჩი ენდობა – მან იმედები გაუმართლა და ბოლო ტურში „ხიმკისთან“ გასვლით შეხვედრაც შესანიშნავად ჩაატარა.

პრემიერლიგის პარტნიორმა ტელეკომპანია „მატჩ პრემიერმა“ 19 წლის ქართველი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა იმის მიუხედავადაც კი, რომ დავითაშვილს არც გაუტანია და არც საგოლე გადაცემა გაუკეთებია.

თუმცა, მწვავე შეტევების უმრავლესობა ქართველი ახალგაზრდის წამოწყებული იყო, მათ შორის, 32-ე წუთზე განვითარებული საგოლე კომპინაცია, რომლის შემდეგაც „როტორი” დაწინაურდა. თუმცა, ვოლგოგრადელებმა ეს უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს და საბოლოოდ, მატჩი 1:1 დასრულდა.

დავითაშვილმა „როტორში“ სამი მატჩი ჩაატარა, მათ შორის – მეორედ ძირითად შემადგენლობაში და ორივეჯერ პრიზი დაიმსახურა – „მატჩ პრემიერის” აღიარებამდე, მე-5 ტურში ვოლგორადელმა გულშემატკივრებმა მოსკოვის „სპარტაკთან” მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.