დავით ზილფიმიანი აცხადებს, რომ საპარლამენტო ოპოზიციისთვის გარკვეული უფლებამოსილების მინიჭება სწორია და ცვლილებების მომზადება მის პოლიტიკურ გუნდს არ უკავშირდება
დავით ზილფიმიანი აცხადებს, რომ საპარლამენტო ოპოზიციისთვის გარკვეული უფლებამოსილების მინიჭება სწორია და ცვლილებების მომზადება მის პოლიტიკურ გუნდს არ უკავშირდება

​ოპოზიციონერ დეპუტატს, დავით ზილფიმიანს მიაჩნია, რომ საპარლამენტო ოპოზიციისთვის გარკვეული უფლებამოსილების მინიჭებასთან დაკავშირებით რეგლამენტში ცვლილებების მომზადება სწორია. როგორც ჟურნალისტებს ზილფიმიანმა განუცხადა, ამ ცვლილებების მომზადებისთვის მაპროვოცირებელი მისი პოლიტიკური გუნდი არ ყოფილა.

„მოსაზრებას ვემიჯნები, რომ რაღაც ჩვენთვის კეთდება. ჩვენ მსგავსი ცვლილების მომზადება არავისთვის არ გვითხოვია. რეგლამენტში ასეთი ცვლილებების შეტანა რომ გადაწყვიტეს, სწორია და რატომ, აგიხსნით – მას შემდეგ, რაც საარჩევნო ბარიერის დაწევა მოხდა, პარლამენტში რამდენიმე ოპოზიციური პარტია შემოვიდა, ცალკე თემაა შემოდიან თუ არა, მაგრამ მოქმედი რეგლამენტით გამოდის, რომ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ გარდა, სხვა დეპუტატები უფლებააყრილი არიან ყველაფერზე.

უბრალო მაგალითს მოგიყვანთ – რომელი კომიტეტის მუშაობაში მივიღებდი მონაწილეობას? საგარეო და განათლების კომიტეტებში. სწორი ხომ არ იქნება, რომ მის მუშაობაში მონაწილეობა არ მივიღო? მოქმედი რეგლამენტით, უფლება არ მაქვს, რომ ამ კომიტეტებში წარმადგინონ. პარლამენტში შემოსვლის პირველივე დღეს განცხადება გავაკეთო, რომ კომიტეტში შესვლა მსურდა, მაგრამ განმიმარტეს, რომ ფრაქცია არ გაქვთო. ეს ცვლილება ახლა რომ არ მოემზადებინათ, ადრე თუ გვიან ამ საკითხს დავაყენებდით“, – განაცხადა ზილფიმიანმა.

კითხვაზე, ხომ არ დააყენებს წინადადებას, რომ ეს ცვლილებები შეეხოს არა მხოლოდ მეათე მოწვევის პარლამენტს, არამედ სხვა შემდგომ ყველა მოწვევას, ზილფიმიანი ამბობს, რომ ეს ძალიან საინტერესო აზრია.

„ამ საკითხის დაყენება შესაძლებელია პარლამენტის არსებობის პერიოდში. თუ დაბალი ბარიერი ისევ იქნება, ამ ცვლილებების დატოვება აუცილებელიც იქნება“, – განაცხადა დავით ზილფიმიანმა.