დავით ზალკალიანსა და გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრ უენდი მორტონს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა
დავით ზალკალიანსა და გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრ უენდი მორტონს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბრიტანული მხარის ინიციატივით, შედგა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის სატელეფონო საუბარი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგარეო უწყების ევროპული სამეზობლოს და ამერიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან უენდი მორტონთან.

საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, მინისტრებმა მიმოიხილეს საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოში „კოვიდ-19“-თან ბრძოლის პროცესში არსებული ვითარება და ამ მიმართულებით, ურთიერთდახმარების მზადყოფნა გამოთქვეს. მხარეებმა აღნიშნეს ვირუსთან ბრძოლაში ეფექტიანი პასუხის მნიშვნელობა, როგორც შიდა სახელმწიფოებრივ, ისე საერთაშორისო დონეზე.

საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დავით ზალკალიანმა ბრიტანულ მხარეს მიუსამძიმრა თანამემამულეების კორონავირუსით გარდაცვალება; მინისტრი მიესალმა გაერთიანებული სამეფოს ძალისხმევას და მის წამყვან როლს მსოფლიოში ვაქცინის შემუშავების პროცესში, ასევე, პოსტკრიზისულ პერიოდში ახალი საინვესტიციო სტრატეგიის შემუშავებაში დახმარების მიზნით ბრიტანეთის მხარის მიერ ინვესტორთა საბჭოს მხარდაჭერას.

ამავე ინფორმაციით, უენდი მორტონმა ხაზი გაუსვა ვირუსთან ბრძოლაში საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული მყისიერი ზომების ეფექტიანობას; ასევე, მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს ბრიტანეთის მოქალაქეების სამშობლოში მშვიდობიანად დაბრუნების პროცესში მხარდაჭერისთვის.

საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას. ბრიტანულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი განუხრელი მხარდაჭერა. ხაზი გაესვა საერთაშორისო ფორუმებზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების თემატიკის აქტიურად განხილვის აუცილებლობას და რუსეთის უკანონო ქმედებებზე საერთაშორისო საზოგადოების კონსოლიდირებული პასუხის მნიშვნელობას.

ამასთან, უენდი მორტონმა დავით ზალკალიანს საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში გაერთიანებული სამეფოს მტკიცე მხარდაჭერა დაუდასტურა. საუბარი ასევე შეეხო ორმხრივი თანამშრომლობის ასპექტებს. ხაზი გაესვა საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის არსებული ყოველწლიური ორმხრივი პოლიტიკური ფორმატის – „უორდროპის დიალოგის“, ასევე სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ 2019 წელს ხელმოწერილი შეთანხმების მნიშვნელობას.

საუბრის დასასრულს, მხარეები მიესალმნენ 2020 წლის სექტემბერში დაგეგმილ, უორდროპის დიალოგის მორიგ რაუნდს.