დავით ზალკალიანსა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველ დერეკ შოლეს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა
დავით ზალკალიანსა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველ დერეკ შოლეს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

საუბარი შედგა აშშ-ში საქართველოს ელჩ დავით ზალკალიანსა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველს, დერეკ შოლეს შორის. ინფორმაცია „ფეისბუქში“ დავით ზალკალიანის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ საუბრისას მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობას და დაადასტურეს მზაობა აქტიურად იმუშაონ მისი შემდგომ გაღრმავების მიმართულებით, მათ შორის მაღალი დონის მჭიდრო კონტაქტების გააქტიურების სახით. მხარეებმა განიხილეს რეგიონში მიმდინარე მოვლენები და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გეგმები, ასევე საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხები და მადრიდის სამიტის მოლოდინები. მხარეები მიესალმნენ და დადებითად შეაფასეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მშვიდობიანი სამეზობლოს ინიციატივა და ქართული მხარის მზაობას შეასრულოს მნიშვნელოვანი როლი რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის, ამ კონტექსტში ხაზი გაესვა აშშ-ს ინტერესს ხელი შეუწყოს სამხრეთ კავკასიის რეგიონში სტაბილურობის უზრუნველყოფას.

ელჩმა მადლიერება გამოხატა საქართველო-აშშ-ის 30 წლიანი პარტნიორობის მანძილზე, აშშ-ის მნიშვნელოვანი წვლილისა და საქართველოს მიმართ მტკიცე მხარდაჭერისთვის, თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების, ევროატლანტიკური ინტეგრაციის, დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცებისა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის კუთხით. შეხვედრაზე, ამერიკულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი დერეკ შოლე 18-19 მაისს საქართველოს ეწვევა.