დავით ზალკალიანმა თურქმენ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა
დავით ზალკალიანმა თურქმენ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა თურქმენეთის დამოუკიდებლობის 28–ე წლისთავის აღსანიშნავ საზეიმო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

დავით ზალკალიანმა მიღებაზე მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა. მან საქართველოს მთავრობის სახელით, თურქმენ ხალხს ეროვნული დღე მიულოცა და მშვიდობა და კეთილდღეობა უსურვა.

მინისტრმა ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს და დადებითად შეაფასა საქართველოსა და თურქმენეთს შორის სხვადასხვა სფეროში მჭიდრო თანამშრომლობა.

„ჩვენ ერთად გადავლახეთ ის გამოწვევები, რაც დაკავშირებული იყო დამოუკიდებელი სახელმწიფოების ჩამოყალიბებასა და განვითარებასთან და ამ პროცესში არაერთხელ დავხმარებივართ ერთმანეთს, რაც არასდროს მიეცემა დავიწყებას“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა სატრანსპორტო და სატრანზიტო სფეროში თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელობაზე.

„როგორც მოგეხსენებათ, საქართველოც და თურქმენეთიც ისტორიული „აბრეშუმის გზის“ მარშრუტზე მდებარეობენ და სწორედ აღნიშნული სატრანსპორტო დერეფნის განვითარება და მისი პოტენციალის სრულად ათვისება არის ის მთავარი მიზანი, რომლის მისაღწევად ჩვენ ერთად ძალისხმევას არ ვიშურებთ. საქართველო მხარს უჭერს იმ ახალ ინიციატივებს, რომლებიც კასპიის და შავი ზღვის აუზის ქვეყნების კიდევ უფრო ღრმა ინტეგრაციას ითვალისწინებს და მზად ვართ მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ყველა პერსპექტიულ წამოწყებას“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ეკონომიკურ თანამშრომლობაზე საუბრისას, კმაყოფილებით აღნიშნა ბოლო პერიოდში ორ ქვეყანას შორის არსებული დინამიკა და თურქმენეთიდან ჩამომსვლელი ტურისტების რაოდენობის სიხშირის პოზიტიური დინამიკა.

დავით ზალკალიანმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა ქვეყნებს შორის მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის დადებითი დინამიკა: „მისასალმებელია, რომ უკანასკნელ პერიოდში განსაკუთრებული ინტენსივობა შეიძინა პოლიტიკურმა თანამშრომლობამ და გახშირდა მაღალი დონის ვიზიტები, რომლებმაც ხელშესახები შედეგები მოიტანეს ჩვენი ხალხის საკეთილდღეოდ“.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დადებითად შეაფასა საქართველოსა და თურქმენეთის თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციებში. მინისტრმა მადლობა გადაუხადა თურქმენეთის მთავრობას საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობის მხარდაჭერისთვის.

„ჩვენს ქვეყნებს შორის არ არის არცერთი საკითხი, რომელიც აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. როგორც თქვენთვის ცნობილია, თურქმენეთი საქართველოს აქტიური მხარდამჭერია მრავალმხრივ ასპარეზზე, ისევე როგორც საქართველო ყოველთვის დიდი ყურადღებით ეკიდება თურქმენეთთან დაკავშირებულ საკითხებს საერთაშორისო არენაზე“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.