დავით ზალკალიანმა ნატო-ს ლონდონის შეხვედრის მონაწილეებს მიმართა - მუდამ გახსოვდეთ საქართველო
დავით ზალკალიანმა ნატო-ს ლონდონის შეხვედრის მონაწილეებს მიმართა - მუდამ გახსოვდეთ საქართველო

საქართველო უკვე მოქმედებს როგორც ალიანსის წევრი, ჩვენ ვაცნობიერებთ დღეს არსებულ ვითარებას, რომ ჯერ არ არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ლონდონში, ლიდერთა შეხვედრის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე – NATO Engages: Innovating the Alliance ბალტიისა და შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე მიძღვნილ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

საქართველოს საგარეო უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დავით ზალკალიანმა აღნიშნა, რომ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებაში ნათლად წერია, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი, მას მერე ბევრი სამიტი გაიმართა და ყველა დოკუმენტსა და დეკლარაციაში მეორდება ნატო-ში საქართველოს გაწევრიანების მხარდაჭერა.

„ჩვენ ვაცნობიერებთ დღეს არსებულ ვითარებას. თუმცა ეფექტურად ვახორციელებთ ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს, რომელსაც მივყავართ წევრობამდე. საქართველო უკვე მოქმედებს როგორც ალიანსის წევრი. ჩვენ ვაცნობიერებთ დღეს არსებულ ვითარებას, იმას, რომ ჯერ არ არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ქვეყანა მზად იყოს იმ მომენტისთვის, როცა წევრობის დრო დადგება. საქართველოს კონტრიბუცია რა თქმა უნდა საჭიროებს შემხვედრ ნაბიჯებს ნატო-სგან“, – განაცხადა ზალკალიანმა და დასძინა, რომ ქვეყანა აქტიურად მუშაობს ყველა პარტნიორთან, ასევე დგამს აქტიურ ნაბიჯებს საქართველოს საბოლოო მიზნისთვის მოსამზადებლად – რაც არის ნატო-ს წევრობა“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

„მუდამ გახსოვდეთ საქართველო“, – ამ სიტყვებით დაასრულა სესიაზე გამოსვლა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, რასაც დარბაზში ოვაციები მოჰყვა.

ატლანტიკური საბჭოს, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის, გლობსეკ-ისა და რუსი-ს (Royal United Services Institute – RUSI) თანაორგანიზებით გამართულ ღონისძიებაზე მინისტრი სიტყვით გამოვიდა ბალტიისა და შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილ სესიაზე, რომელშიც ასევე მონაწილებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, რუმინეთის, ლიეტუვისა და ესტონეთის თავდაცვის მინისტრები.

დატოვე კომენტარი