დავით ზალკალიანმა ჯოზეფ ბორელთან სატელეფონო საუბარი გამართა
დავით ზალკალიანმა ჯოზეფ ბორელთან სატელეფონო საუბარი გამართა

დღეს გაიმართა სატელეფონო საუბარი საქართველოს ვიცე-პრემიერ, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანსა და საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ჯოზეფ ბორელს შორის. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს.

უწყების ცნობით, სატელეფონო საუბრისას კიდევ ერთხელ მკაფიოდ აღინიშნა ევროკავშირის მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ და ის განსაკუთრებული ყურადღება რაც ევროკავშირის და წევრი სახელმწიფოების მხრიდან გამახვილებულია პარტნიორ საქართველოზე, განსაკუთრებით უკრაინაში მიმდინარე სამხედრო აგრესიის ფონზე.

მათივე ინფორმაციით, მხარეებმა შეშფოთება გამოთქვეს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე, უმაღლესი წარმომადგენლის მხრიდან გაიცვალა ინფორმაცია ევროკავშირის მხრიდან რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის პრინციპების დარღვევის საპასუხოდ გატარებული ზომების შესახებ. აღინიშნა, რომ საქართველო იზიარებს და მხარს უჭერს ევროკავშირის და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მიღებულ პოლიტიკურ განცხადებებს შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით. მხარეებმა ხაზი გაუსვეს უკრაინაში შეიარაღებული კონფლიქტის მყისიერად დასრულების აუცილებლობას და ამისათვის ყველა საერთაშორისო მექანიზმის გამოყენების აუცილებლობას. მხარეებმა ისაუბრეს რუსეთის მიერ 2008 წელს საქართველოში განხორციელებულ სამხედრო ინტერვენციაზე და იმ მძიმე შედეგებზე, რომელსაც საქართველო დღემდე განიცდის საკუთარი ტერიტორიების ოკუპაციის და ადგილზე შექმნილი მძიმე ჰუმანიტარული და უსაფრთხოების გარემოს გამო.