დავით ზალკალიანმა გაერო-ს გენერალურ მდივანთან სატელეფონო საუბარი გამართა
დავით ზალკალიანმა გაერო-ს გენერალურ მდივანთან სატელეფონო საუბარი გამართა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა სატელეფონო საუბარი გამართა გაერო-ს გენერალურ მდივანთან ანტონიო გუტერეშთან.

როგორც საქართველოს პირველ არხს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, გენერალურ მდივანთან სატელეფონო ზარს წინ უძღოდა ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარების განხილვა ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარესა და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, როგორც ჟენევის პროცესის თანათავმჯდომარე ორგანიზაციების ხელმძღვანელობასთან.

საგარეო უწყების ცნობით, დავით ზალკალიანმა გაერო-ს გენერალურ მდივანს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებაზე. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ რთულ გარემოზე, საოკუპაციო ხაზზე ბოლო დროს განვითარებული მოვლენებზე, მათ შორის ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო  პროცესსა და დაკავებებზე. საუბარი შეეხო ასევე ოკუპირებულ აფხაზეთში 25 აგვისტოს გამართულ უკანონო ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს.

ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ვითარების დეესკალაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესისადმი ერთგულება, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების პროცესში კონსტრუქციულ და თანმიმდევრულ მონაწილეობასთან დაკავშირებით.

საოკუპაციო ხაზზე ბოლო მოვლენების გათვალისწინებით, აღინიშნა საკითხის განხილვის მნიშვნელობა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის, ასევე ჟენევის მოლაპარაკებების პროცესში.  ამ კონტექსტში მხარეები მიესალმნენ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში გაერო-ს სპეციალური წარმომადგენლის საქართველოში ჩამოსვლისა და ვითარების ადგილზე გაცნობის გადაწყვეტილებას.

სატელეფონო საუბრისას საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა გაერო-ს გენერალურ მდივანს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების  პროცესში საქართველოს მხარდაჭერისა და აქტიური ჩართულობისთვის. ხაზი გაესვა გაერო-ს დღის წესრიგში საქართველოს საკითხის მაღალ დონეზე კიდევ უფრო გააქტიურების მნიშვნელობას, რათა შეჩერებული იქნას დესტრუქციული და ვითარების ესკალაციისაკენ მიმართული პროცესები.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.