დავით ზალკალიანმა ავსტრიულ სააგენტოსთან ინტერვიუში მოსკოვს ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდა
დავით ზალკალიანმა ავსტრიულ სააგენტოსთან ინტერვიუში მოსკოვს ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდა

ავსტრიულ საინფორმაციო გამოცემასთან Wien (APA) ინტერვიუში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მოსკოვს მოუწოდა, გაათავისუფლოს ექიმი, რომელიც ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონო პატიმრობაში იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

„მთელი საერთაშორისო საზოგადოება მიმართავს რუსეთს, როგორც ძალას, რომელიც ეფექტურ კონტროლს ახორციელებს ამ ტერიტორიაზე, გაათავისუფლოს ეს პიროვნება“, გაფრინდაშვილის საქმეს არა მხოლოდ პოლიტიკასთან აქვს კავშირი, არამედ ჰუმანიტარული საკითხიც არის და „რაც ხდება, მიუღებელია“ ციტირებს მინისტრს გამოცემა APA.

ინტერვიუში დავით ზალკალიანმა საოკუპაციო ხაზთან მსგავსი დაკავებების სხვა შემთხვევებიც გაიხსენა: „უბრალო ხალხი – ადგილობრივი მიწათმოქმედები, რომლებსაც ხელოვნური ბარიერების გადაკვეთა უწევთ თავიანთ მინდვრებზე მისასვლელად – არაერთხელ გაიტაცეს, ცხინვალში ჩაიყვანეს და იქ პატიმრობაში ამყოფებდნენ. ადგილი ჰქონდა ასევე წამების შემთხვევებს; ბოლო ორი წლის განმავლობაში დაიღუპა ოთხი ადამიანი“.

გამოცემა აღნიშნავს, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ზალკალიანმა წინა კვირაში ვენაში ვიზიტით დაასრულა მისი ხანგრძლივი ევროპული ტურნე, რომლის ფარგლებშიც იგი იმყოფებოდა სტრასბურგში ევროპის საბჭოში საქართველოს თავმჯდომარეობის გადმობარებისას, ასევე, ლონდონში ნატო-ს სამიტზე, ბრატისლავაში ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო-ს) საგარეო საქმეთა მინისტრების ყოველწლიურ შეხვედრაზე. როგორც გამოცემა აღნიშნავს, ყველა შეხვედრის დროს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მხარდაჭერა გამოუცხადეს გაფრინდაშვილის გათავისუფლების საქმეში.

საგარეო საქმეთა მინისტრმა APA-სთან საუბარში საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების უკანონო აღმართვის პროცესზეც ისაუბრა. სტატიაში აღნიშნულია ასევე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების შესახებ, როგორც გამოცემა მინისტრს ციტირებს, ჟენევაში არსებულმა დიალოგმა, რომელიც 2008 წლის ომის შემდეგ მიმდინარეობს, „სამწუხაროდ, არ მოიტანა ხელშესახები შედეგი“. საქართველომ აიღო ძალის არგამოყენებისა და კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების ვალდებულება, თუმცა „ამის მიუხედავად, არ გვაქვს რუსეთის ერთიანი პოზიცია, არ გამოიყენოს ძალა საქართველოს წინააღმდეგ“.