დავით ზალკალიანმა ​შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საგარეო საქმეთა მინისტრების 42-ე სხდომაში მიიღო მონაწილეობა
დავით ზალკალიანმა ​შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საგარეო საქმეთა მინისტრების 42-ე სხდომაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა მონაწილეობა მიიღო შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) საგარეო საქმეთა მინისტრების ვირტუალურ სხდომაში. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა პოზიტიური შეფასება მისცა BSEC-ში რუმინეთის თავმჯდომარეობის მიერ გაწეულ საქმიანობას და მადლობა გადაუხადა კორონავირუსის პერიოდში გამართული აქტივობებისთვის. იგი მიესალმა ორგანიზაციაში ახალი წევრის, ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის გაწევრიანებას და გამოთქვა მზადყოფნა ამ ქვეყნის წარმომადგენლებთან აქტიურ თანამშრომლობაზე ორგანიზაციის ფარგლებში.

საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ მინისტრმა ზალკალიანმა წევრ ქვეყნებს გააცნო საქართველოში ვირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებები და მიღწეული პოზიტიური შედეგები. გამოსვლაში ასევე აღინიშნა, რომ  მოსალოდნელია კოვიდ-19-ის შემდგომ პერიოდში რეგიონის მნიშვნელობის ზრდა სატრანსპორტო და ენერგეტიკული კავშირების კუთხით. მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ქართული მხარე განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს რეგიონის სატრანზიტო პოტენციალის შემდგომ განვითარებაზე და მხარს უჭერს ამ მიმართულებით BSEC-ის ჩართულობას რეგიონებს შორის კავშირების გამყარებისათვის.

საქართველოს საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ მინისტრმა მადლობა გადაუხადა BSEC-ის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს, ორგანიზაციის სამდივნოს სამართლებრივი მრჩევლის თანამდებობაზე საქართველოს კანდიდატის  მხარდაჭერისთვის.

„პანდემიის ეკონომიკური ეფექტის გამოსასწორებლად მთავრობებმა თავიდანვე შემოიტანეს შემაკავებელი ზომების ყოვლისმომცველი პაკეტები, COVID-19–ის გავრცელების შეჩერების და მისი ზეგავლენის შემცირების მიზნით. პროცესის შესამსუბუქებლად, საქართველომ შეიმუშავა ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმა, ახლო მომავალში ეკონომიკის თანდათან აღდგენის და გახსნას მიზნით.

ბიზნეს სუბიექტებისთვის შემოღებულ იქნა მთავრობის გაფართოებული ფინანსური მხარდაჭერის პაკეტები და სექტორული დახმარების ზომები, განსაკუთრებით ტურიზმის ინდუსტრიისა და ინფრასტრუქტურის სფეროებში. მოხარული ვართ აღვნიშნოთ, რომ დაწესებული შეზღუდვების მიუხედავად, ისეთი ინფრასტრუქტურული პროექტების მოდერნიზაცია და მშენებლობა, როგორიცაა საგზაო და საპორტო ინფრასტრუქტურა, არ შეჩერებულა, რადგან მიგვაჩნია, რომ ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენი რეგიონის ეკონომიკური განვითარებისათვის.

იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე, ჩვენ ყველანი ერთად გადავლახავთ ამ გამოწვევას და ჩვეულ ცხოვრებას დავუბრუნდებით. შავი ზღვის რეგიონი ყოველთვის იყო ინტენსიური სოციალურ-ეკონომიკური ურთიერთობების სივრცე და მზარდი ურთიერთმიმოსვლის და ურთიერთკავშირის ცენტრი. ამ მიზნით, ჩვენ, ბისეკის წევრმა ქვეყნებმა უნდა ვცადოთ ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავება, რათა პოსტკოვიდურ პერიოდში, რეგიონის როლი, როგორც ენერგეტიკული და სატრანზიტო ჰაბი, კიდევ უფრო გაღრმავდეს.

ეკონომიკური მდგრადობის განხილვისას მინდა აღვნიშნო, რომ საქართველომ, COVID-19-ის აფეთქების დროსაც შეინარჩუნა სატრანსპორტო და სატრანზიტო ჰაბის ფუნქცია და კვალვ დაადასტურა, რომ საიმედო პარტნიორია რეგიონალურ ლოგისტიკურ მარშრუტების შორის. აღსანიშნავია, რომ ტვირთის ტრანზიტის მოცულობა 30% -ით გაიზარდა, ხოლო საერთაშორისო ავიაკომპანიების პიტ-სტოპები 5-ჯერ გაიზარდა, გასული წლის კონკრეტულ პერიოდთან შედარებით“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა გამოსვლისას.

დატოვე კომენტარი