დავით ზალკალიანი ურუგვაის ვიცე-პრეზიდენტსა და წარმომადგენლობითი პალატის თავმჯდომარეს შეხვდა
დავით ზალკალიანი ურუგვაის ვიცე-პრეზიდენტსა და წარმომადგენლობითი პალატის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ურუგვაის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, ურუგვაის ვიცე-პრეზიდენტს, სენატის თავმჯდომარე ლუსია ტოპოლანსკის შეხვდა.

საქართველოს საგარეო უწყების პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა მაღალი შეფასება მისცეს ურუგვაისა და საქართველოს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს და პოლიტიკურ თანამშრომლობას, რისი გამოხატულებაც არის ქვეყნებს შორის ბოლო პერიოდში არსებული ინტენსიური მაღალი დონის ვიზიტები და შეხვედრები. ხაზი გაესვა საქართველოსა და ურუგვაის შორის არსებულ ბევრ საერთო მახასიათებელს, რაც დიდ პოტენციალს ქმნის როგორც სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გასავითარებლად, ასევე გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისით ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა დემოკრატიული განვითარება, ეკონომიკური შესაძლებლობები. ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა ლათინური ამერიკის ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავების პრიორიტეტულობას, რაშიც უმნიშვნელოვანესი როლი მიუძღვის ურუგვაის რესპუბლიკას. მინისტრმა განსაკუთრებით აღნიშნა და მადლობა გადაუხადა ურუგვაის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის. როგორც შეხვედრაზე ითქვა, ტერიტორიული მდებარეობის თვალსაზრისით დიდი დაშორების მიუხედავად,  საქართველო და ურუგვაი, როგორც პატარა ქვეყნები, ხშირად საერთო გამოწვევებისა და შესაძლებლობების წინაშე დგანან.

დავით ზალკალიანმა ურუგვაის ვიცე-პრეზიდენტს გააცნო საქართველოში მიმდინარე პროცესები, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების გეგმა და ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგი. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებებს, რომლებიც საქართველოს მსოფლიოს წამყვან ეკონომიკებთან აქვს, მათ შორის ევროკავშირთან და რაც შესაძლებელია საინტერესო იყოს ურუგვაის საქმიანი წრეებისთვის. მინისტრმა ასევე ისაუბრა საქართველოს მნიშვნელოვან სატრანზიტო ფუნქციაზე და იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს ამ შესაძლებლობის უკეთ რეალიზაციისთვის.

დღესვე, დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა ურუგვაის წარმომადგენლობითი პალატის თავმჯდომარე სესილია ბოტინოსთან. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქვეყნებს შორის საპარლამენტო დონეზე არსებულ თანამშრომლობას და მისი განვითარების გზებს. განსაკუთრებით დადებითად შეფასდა საქართველოსა და ურუგვაის თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში.  ყურადღება გამახვილდა ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ისეთ საერთაშორისო საკითხებზე,  როგორიცაა მდგრადი განვითარება და ადამიანის უფლებების დაცვა. აღინიშნა, რომ საქართველო ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანაა გაეროს მდგრადი განვითარების, განსაკუთრებით კი მე-16 მიზნის განხორციელების კუთხით, რაც ინკლუზიურ, ტრანსპარენტულ მმართველობას და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას ითვალისწინებს.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს ხალხთაშორისი ურთიერთობების გაღრმავების აუცილებლობას და საქართველოში, ისევე, როგორც ურუგვაიში, ცნობადობის ამაღლების კუთხით ერთობლივი მუშაობის მზადყოფნა გამოთქვეს. ამ მხრივ, მაღალი შეფასება მიიღო მიმდინარე წლის მაისში საქართველო-ურუგვაის შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წელთან დაკავშირებით დაგეგმილმა კულტურულმა ღონისძიებებმა, რაც ხელს შეუწყობს ურუგვაიში საქართველოს პოპულარიზაციას.