დავით ზალკალიანი - ტოივო კლაარს მივმართე, ჟენევის მოლაპარაკებებზე რუსეთსა და საოკუპაციო რეჟიმებთან განსაკუთრებული სიმწვავით დაისვას ე.წ. ბორდერიზაციის საკითხი
დავით ზალკალიანი - ტოივო კლაარს მივმართე, ჟენევის მოლაპარაკებებზე რუსეთსა და საოკუპაციო რეჟიმებთან განსაკუთრებული სიმწვავით დაისვას ე.წ. ბორდერიზაციის საკითხი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს, ტოივო კლაარს შეხვდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი მდგომარეობა და ბოლო დროს საოკუპაციო ხაზზე განვითარებული მოვლენები. მისი თქმით, შეხვედრაზე მკაფიოდ აღინიშნა, რომ მიუღებელია უკანონო პროცესები და საერთაშორისო თანამეგობრობის სათანადო რეაგირებაა აუცილებელი.

„ტოივო კლაართან შეხვედრისას გვქონდა ძალიან დეტალური საუბარი ოკუპირებულ ტერიტორიაზე შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით. მკაფიოდ დავაფიქსირე საქართველოს პოზიცია იმ არაკანონიერ საოკუპაციო პროცესებთან მიმართებაში, რაც არის დაკავშირებული ე.წ. ბორდერიზაციასთან. ევროკავშირის წარმომადგენელს, რომელიც არის ერთ-ერთი მთავარი აქტორი ჟენევის პროცესში, მივმართე, რომ ეს საკითხი განსაკუთრებული სიმწვავით იყოს დაყენებული, მათ ორმხრივ დიალოგში რუსეთის ფედერაციასთან, ასევე საოკუპაციო რეჟიმებთან კომუნიკაციის დროს“, – აღნიშნა ზალკალიანმა შეხვედრის შემდეგ.

საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, მიუღებელია საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან ჰუმანიტარული საკითხების საკუთარი, უკანონო პოლიტიკური მიზნების მისაღწევად გამოყენება და აუცილებელია აღნიშნული პროცესის შეჩერება. მისი თქმით, საგარეო უწყება იყენებს ყველა არსებულ მექანიზმს ამისათვის, მათ შორის საერთაშორისო ფორმატებს. დავით ზალკალიანის განცხადებით, აღნიშნული საკითხი განხილული იქნება მისი ვიზიტების დროს სტრასბურგსა და ვენაში, სადაც შეხვედრებს გამართავს ევროპის საბჭოს ფორმატში, ასევე ვენაში, სადაც მონაწილეობას მიიღებს ეუთო-ს მუდმივი კომიტეტის სხდომაზე და ასევე გამართავს ორმხრივ შეხვედრებს ეუთო-ს ფარგლებში.

„მიუხედავად იმისა, რომ საოკუპაციო რეჟიმი ცდილობს პროცესები წაიყვანოს ესკალაციის მიმართულებით, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ამას დავუპირისპიროთ ჩვენი თანმიმდევრული პოზიცია, როგორც ეს იყო წინა მსგავს შემთხვევებში და ვეცადოთ, მოვახდინოთ საერთაშორისო თანამეგობრობის მაქსიმალური მობილიზაცია და კონსოლიდაცია და ასევე ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატი იყოს მაქსიმალურად გამოყენებული შემდგომი დეესკალაციის მისაღწევად“, – განაცხადა მინისტრმა.

მისივე ინფორმაციით, ქართული მხარე წარადგენს თანათავმჯდომარეებთან წინადადებებს იმის შესახებ, თუ რა უნდა გაკეთდეს ადგილზე თავისუფალი გადაადგილების უზრუნველსაყოფად.

საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს ე.წ. გადასასვლელი პუნქტების გასახსნელად, რადგან მოსახლეობა არ აწყდებოდეს იმ პრობლემებს, რომლის წინაშეც ისინი დღეს დგანან.

საქართველს საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ ტოივო კლაარის ინფორმაციით, სწორედ აღნიშნული საკითხი და საოკუპაციო ხაზზე ბოლო დროს განვითარებული მოვლენები იქნება თანათავმჯდომარეების შეხვედრების მთავარი საკითხები საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან შეხვედრისას.