დავით ზალკალიანი - შარლ მიშელის ვიზიტი ადასტურებს, რომ საქართველო ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი პარტნიორია
დავით ზალკალიანი - შარლ მიშელის ვიზიტი ადასტურებს, რომ საქართველო ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი პარტნიორია

შარლ მიშელის ვიზიტი ადასტურებს, რომ საქართველო ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი პარტნიორია, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა.

ზალკალიანის თქმით, საქართველოს ევროპეიზაციის პროცესი არის შეუქცევადი.

„მნიშვნელოვანი ვიზიტი იყო და საბოლოოდ წარმატებით დასრულდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მედიაცია. ეს ვიზიტი ადასტურებს, რომ საქართველო ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი პარტნიორია. ამიერიდან, მთელი პოლიტიკური სპექტრი, მთლიანად ხელისუფლება ფოკუსირებულია ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი გამოწვევების მოგვარებაზე. ვფიქრობ, ჩვენი ევროპეიზაციის პროცესი არის შეუქცევადი.

მთავარი აქცენტი უნდა გამახვილდეს ევროპული მიმართულებით ძალიან თამამი ნაბიჯების გადადგმაზე. იმაზე, რომ საქართველომ შეასრულოს ის მნიშვნელოვანი, ამბიციური გადაწყვეტილება, რომელიც 2024 წელს გაწევრიანების განაცხადის გაკეთებას უკავშირდება“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველოში ვიზიტი დაასრულა. შარლ მიშელის გაცილების ოფიციალური ცერემონია შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა.

დატოვე კომენტარი